სადამკვირვებლო მისია ჩემი ხმა პროკურატურას მიმართავს და მოითხოვს, გამოძიება დაიწყოს ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილის, მისი მოადგილის, გიორგი შარაბიძისა და ცესკოს მდივნის, გიორგი ჯავახიშვილის მიერ სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.
"მმართველმა პარტიამ გიორგი კალანდარიშვილის ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე დანიშვნის გამო შეცვალა კანონი, რაც საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის საგანი იყო. როგორც დღეს უკვე ჩანს, მმართველი პარტიისთვის პერსონალურად გიორგი კალანდარიშვილის ამ პოზიციაზე ყოფნა იყო მნიშვნელოვანი, სწორედ საარჩევნო პერიოდში პარტიის ინტერესების გასატარებლად. ცესკოს სხდომების ვიდეომასალის ანალიზი ადასტურებს, რომ მმართველი პარტიისთვის სასურველი სქემის ხელშესაჭყობად უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილთან ერთად აქტიურად იყო ჩართული მისი მოადგილე, გიორგი შარაბიძე და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი.
სრულად ვაცნობიერებთ, რომ ეფექტიანი გამოძიების ჩატარება იმ პირობებში, როცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მათ შორის საგამოძიებო სამსახურები მმართველი პარტიის დაქვემდებარებაშია, ამ ეტაპისთვის არარეალისტურია, თუმცა ზემოაღნიშნულ პირთა მხრიდან სულ მცირე, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, სამსახურეობრივი გულგრილობა, ხოლო განზრახვის დადასტურების შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლი, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სხვა საარჩევნო დანაშაულებთან ერთობლიობაში.
ამიტომ, მივმართავთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ცესკოს წარმომადგენელთა მიერ სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე". - განაცხადა ჩემი ხმის წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ.
ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ ისაუბრა არჩევნების დღეს დაფიქსირებულ იმ დარღვევებზე, რომლებიც მისიის განცხადებით, ცესკოს ხელშეწყობის გარეშე ვერ მოხდებოდა. თოლორაიამ ჩამოთვალა კონრეტული ინიციატივები და დარღვევები, რომლებსაც კალანდარიშვილის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. როგორც ჩემი ხმა აღნიშნავს, "ცესკოს თავმჯდომარე არ რეაგირებდა დარღვევებზე, არც კომისიის წევრებს და შესაბამის სამსახურებს მოუწოდებდა რეაგირებისაკენ. აღნიშნული ცხადია, აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ ცესკოსთვის მისაღები იყო ის ვითარება, რაც კენჭისყრის დღეს ხდებოდა საარჩევნო უბნებზე".
"ცესკოს მიერ ვერიფიკაციის აპარატებთან მომუშავე პირების დანიშვნის წესის ცვლილებამ და ერთი კვირით ადრე მათი ვინაობის განსაზღვრამ გაამარტივა და შესაძლებელი გახადა ამ ფუნქციის შემსრულებელ პირებზე მმართველი პარტიის მხრიდან ზემოქმედება და მმართველი პარტიის ინტერესებისადმი მათი დაქვემდებარება. ცესკოს ამავე გადაწყვეტილებამ განაპირობა ნაკადის რეგულირებასა და მარკირების პროცედურებზე პასუხსიმგებელ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთათვის ამ ფუნქციების გაუმჭვირვალე პროცესით მინიჭება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ არჩევნების დღის განმავლობაში მარკირების წესის დაუცველობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არჩევნების გაყალბების სქემის წარმატებით განხორციელებაში. სწორედ მარკირების განუხორციელებლობამ გახადა შესაძლებელი სხვისი პირადობის მოწმობებითა და სხვისი პირადი ნომრებით ხმის მიცემა.
ასევე, ცესკოს საჯარო დაპირების მიუხედავად, რომ ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვებას არ შეექმნებოდა არანაირი საფრთხე, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე სრულიად საპირისპირო რეალობა დაგვხვდა: საარჩევნო უბნებზე რეგისტრაციის მაგიდები მიბჯენილი იყო კედელზე იმგვარად, რომ დამკვირვებლებისთვის შეუძლებელი იყო პროცესზე სრულყოფილი დაკვირვება. იქ სადაც ჩვენს დამკვირვებლებს ჰქონდათ ვერიფიკაციის აპარატების უკან დგომის შესაძლებლობა, კომისიის წევრები მათ არ აძლევდნენ ამის შესაძლებლობას და გარკვეულ შემთხვევებში ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვების გამო ჩვენი დამკვირვებელი მიზანმიმართულად გამოაძევეს საარჩევნო უბნებიდან.
არსებობს მტკიცებულებები, რომ მმართველმა პარტიამ იმ პირების ნაცვლად, რომლებიც არ იმყოფებოდნენ საქართველოში, ანდა რეგისტრაციის მისამართზე სხვა პირებს მიაცემინეს ხმა. ამ ტიპის მაშტაბური სქემის განხორციელება წარმოუდგენელია განხორციელებულიყო საარჩევნო ადმინისტრაციის მონაწილეობის გარეშე. [...]
არჩევნების დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამომრჩევლებს არ ეძლეოდათ ხმის მიცემის უფლება, რადგან ისინი თითქოს გადასატანი ყუთების სიაში იყვნენ შეტანილნი და მათ ხმა უკვე მიცემული ჰქონდათ. სადამკვირვებლო ორგანიზაციისთვის მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო ადმი ნისტრაციის სახელით ამომრჩეველთა ბინებში მიდიოდნენ და ჰპირდებოდნენ გადასატანი ყუთების სიაში შეყვანას და არჩევნების დღეს აი, ამ ყუთების სახლში მიტანას, თუმცა არჩევნების დღეს გადასატანი ყუთი მათთან არ მიუტანიათ. მაღალი ალბათობით მათ ნაცვლად სხვა პირებმა მისცეს ხმა.
საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე რამდენიმე ქალაქში, სადაც ემიგრანტი ამომრჩევლების რიცხვი იყო მაღალი ხმის მიცემის პროცესი გაუმართავი ინფრასტრუქტურისა და არასაკმარისი რეგისტრატორების ფონზე მიმდინარეობდა, რამაც რისკის ქვეშ დააყენა მთლიანად საარჩევნო პროცესი. ბევრმა ამომრჩეველმა საერთოდ ვერ მისცა ხმა და ასევე საფრთხე შეექმნა მათი, ამომრჩევლების, დამკვირვებლებისა და კომისიის წევრების ჯანმრთელობას.
ოპოზიციური პარტიებისა და მედიის განვრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად და თავმჯდომარეებად ქართული ოცნების წარმომადგენლების ოჯახის წევრები და მათთან დაკავშირებული პირები დანიშნა. დღეს უკვე ნათელი ხდება, რომ კომისიის ასეთი ფორმით დაკომპლექტების მიზანი მაშტაბური გაყალბების სქემის განხორციელება იყო.
კომისიის წევრები სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ხელს უშლიდნენ დაკვირვების განხორციელებაში. ისინი იყვნენ აგრესიულები, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ დამკვირვებლებს, ღიზიანდებოდნენ ყველა საჩივრის დაწერაზე, ხელს უწყობდნენ არაუფლებამოსილი პირების ყოფნას საარჩევნო უბნებზე, აღრიცხავდნენ და აკონტროლებდნენ ამომრჩევლებს, გადასცემდნენ ამომრჩევლების მონაცემებს მმართველი პარტიის ე.წ. ქოლცენტრებს. [...]
აღსანიშნავია, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცესკოს აკრედიტაცია გაცემული ჰქონდა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებზე, მათ შორის NTV-ის მიერ აკრედიტებულ რუს პროპაგანდისტ, ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ საქართველოს კანონის დამრღვევ, ალექსანდ მალკევიჩზე, რომელიც არის ძებნილი აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ, აშშ-ს არჩევნებში ჩარევის ბრალდებით და ჯილდოდ დაწესებულია 10 მილიონი ლარი. მის აკრედიტაციაზე პასუხისმგებლია, რა თქმა უნდა, ცესკო, კერძოდ ცესკოს მდივანი." - განაცხადა თოლორაიამ.