ჩეხეთი-უკრაინა

პეტრ პაველმა ჩეხეთის კიდევ 60 მოქალაქეს უკრაინის არმიის რიგებში გაწევრიანების უფლება მისცა

seznamzpravy

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ჩეხეთის კიდევ 60 მოქალაქეს უკრაინის არმიის რიგებში გაწევრიანებისა და უკრაინის ომში ბრძოლის უფლება მისცა. ინფორმაციას ჩეხეთის რადიო პრეზიდენტის პრესმდივნის, ფილიპ პლატოშზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთო ჯამში, ჩეხეთის პრეზიდენტმა, თავად ყოფილმა უფროსმა ჯარისკაცმა, უკრაინის მხარეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის მსურველებისგან 181 განაცხადი მიიღო.

ჩეხეთის კანონმდებლობით, მოქალაქეებმა, რომლებსაც სურთ იბრძოლონ სხვა სახელმწიფოს არმიისთვის, ჯერ პრეზიდენტის ნებართვა უნდა მოითხოვონ. ნებართვის გარეშე საზღვარგარეთ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეებს კი სამშობლოში დაბრუნებისთანავე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

ჩეხეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ლავროვის პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ პაველის ნაბიჯი გააკრიტიკა და ის ჩეხეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უგულებელყოფაში დაადანაშაულა.

"როგორც ჩანს, ჩეხეთის თვალსაზრისით, ეს 60 [ადამიანი] არასაჭირო ხალხია" - თქვა ზახაროვამ ბრიფინგზე.

კომენტარები