რუსეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიისგან, Google-ისგან განუზომელი ოდენობის თანხის ჯარიმების გადახდას ითხოვს.
მას შემდეგ, რაც კომპანიამ YouTube-ის პლატფორმაზე პრორუსული არხების დაბლოკვისთვის დაკისრებული ჯარიმების გადახდაზე უარი თქვა, კრემლის მიერ Google-ისგან მოთხოვნილი ჯარიმების ოდენობა 2 უნდეცილიონ (2, 36 ნულით) რუბლამდე გაიზარდა.
ჯარიმა შეადგენს 20 დეცილიონ დოლარს, იგივე 20 მილიარდ ტრილიონ ტრილიონ დოლარს, რაც მსოფლიო ეკონომიკაზე რამდენჯერმე დიდი თანხაა - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტი 110 ტრილიონი დოლარია. აღსანიშნავია, რომ Google-ის მშობელი კომპანიის, Alphabet-ის საბაზრო ღირებულება 2 ტრილიონი დოლარია.
მიმდინარე კვირაში რუსეთის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა სასამართლომ რამდენიმე ხნის წინ YouTube-ს 2022 წლიდან დაბლოკილი გვერდების აღდგენა დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯარიმების ყოველკვირეულად ორმაგი ზრდა განსაზღვრა.
დღეს, 31 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბრისას სარჩელის შესახებ კითხვაზე, კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ "ამ რიცხვის სწორად წარმოთქმაც კი არ შეუძლია", მაგრამ თქვა, რომ თანხა "სიმბოლიზმით იყო სავსე".
"[Google-მა] არ უნდა შეზღუდოს ჩვენი მაუწყებლების მოქმედებები თავის პლატფორმაზე". - დასძინა მან.