რუსეთი

ხაბაროვსკის სკოლის მოსწავლეებს ჩრდ. კორეის სახელმწიფო იდეოლოგიას, "ჯუჩეს" ასწავლიან

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრა, 2019
KCNA/EPA

რუსეთში, ხაბაროვსკის ერთ-ერთ სკოლის მოსწავლეებს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო იდეოლოგიას, ჯუჩეს ასწავლიან. რუსული მედიის ინფორმაციით, ამისთვის სკოლაში სპეციალური "ჯუჩეს შესწავლის ახალგაზრდული საზოგადოება" შეიქმნა.

"შეთანხმებითა და ჩრდილოეთ კორეის კონსულის, ი სუნგ ილის მხარდაჭერით, გადაწყდა ჯუჩეს იდეების შესწავლელი ახალგაზრდული საზოგადოების შექმნა N80-ე სკოლაში, რომლის მიზანიც რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება იქნება. ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ჩვენ უკვე გავმართეთ პირველი სამი ღონისძიება. იმედს გამოვთქვამთ, რომ ხაბაროვსკის სხვა სკოლის მოსწავლეებიც შემოგვიერთდებიან" – ამბობს სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი.

"ჯუჩეს" იდეოლოგია ჩრდილოეთ კორეის პირველმა ლიდერმა, კიმ ირ სენმა 1970-იან წლებში შექმნა. ამ პერიოდში, ჩრდილოეთ კორეას ურთიერთობა დაეძაბა მთავარ მოკავშირეებთან, ჩინეთთან და საბჭოთა კავშირთან, რის გამოც კიმმა შექმნა იდეოლოგია, რომლის მთავარი საფუძველი მაქსიმალურ თვითდამკაყოფილებას გულისხმობდა, რაც ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ითვალისწინებდა.  კიმ ირ სენმა ჯუჩე მთელი ერის იდენტობის განმსაზღვრელად აქცია და დღემდე ეს ასე ითვლება. 

კომენტარები