ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებსა და კომისიის წევრზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა.
აქამდე, ორგანიზაცია ჩემი ხმის დამფუძნებელმა, ლონდა თოლორაიამ მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, ორგანიზაციის დამკვირვებელზე ფიზიკურად ძალადობის ფაქტსა და საარჩევნო პროცესის დარღვევებზე განცხადება გაავრცელა
ასევე, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო მარნეულის უბნიდან, სადაც ჩანს, როგორ ყრიან ბიულეტენებს საარჩევნო ყუთებში.
მდინარაძის მტკიცებით, დამკვირვებელზე თავდასხმა და ურნაში ბიულეტენების ჩაყრა "სპეციალურად გაკეთებულია".
"რამდენიმე დღის წინ, მე ჩავატარე ბრიფინგი მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ.
ერთ-ერთი პუნქტი, გავრცელებული იყო ნაციონალური მოძრაობიდან […]
სექმა იყო ასეთი, რომ უნდა მოესყიდათ, მოეძებნათ ვინმე ქართული ოცნების რიგებში, ვისაც გადაუხდიდნენ ფულს, რომელიც შემდეგ სხვას დაარწმუნებდა ან თვითონ გააკეთებდა ამას - ჩაყრიდა ან შეაცურებდა ბიულეტენებს საარჩევნო ურნაში, ან ელექტრონულ აპარატში.
ერთი-ერთში დადასტურდა, თუ ის კადრები ნამდვილია, რაც ვრცელდება მარნეულიდან - პირობას ვაძლევ, რომელი პარტიის ან რომელი ენჯეო სექტორის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, დაისჯება უმკაცრესად.
წარმოუდგენელია, რომ კამერების წინ დადგეს ადამიანი, ნახევარ მეტრში კამერა უღებდეს, ასე ყრიდეს ბიულეტენებს, შეუძლებელია რომ ვერ ხედავდეს, ეს არის სპეციალურად გაკეთებული სამწუხაროდ.
ჩვენი რწმენით, მე პირადად დარწმუნებული ვარ ამაში, ის იღებს მონაწილეობას ქვეყნის არევის გეგმაში.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვისაც კიდევ შეიძლება ჰქონდეს განზრახული ასეთ სპექტაკლებში, ასეთ სიბინძურეში, მდაბიო ფეიკების დადგმაში, მოვუწოდებ და მიაწვდინეთ ყველას ხმა - ვინც არ არის ტელევიზორთან, ვინც არ არის სოციალურ ქსელთან - თუ მსგავს დანაშაულში მიიღებენ მონაწილეობას, მათი დამცველი არ იქნება არავინ და მითუმეტეს არც ჩვენ.
ისინი დაისჯებიან კანონის მთელი სიმკაცრით". - თქვა მდინარაძემ
აქამდე, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციური პარტიების 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღის "სამოქმედო გეგმა" დაასახელა.
ოცნების აღმასრულებელი მდივანი ამტკიცებდა, რომ ოპოზიციური პარტიები არჩევნების დისკრედიტაციის მიზნით "სხვადასხვა პროპაგანდისტულ გზებს განიხილავდნენ", ხოლო 26 ოქტომბერს, "აგენტურული ოპოზიციის" წარმომადგენლები, გაფრთხილებულები იქნებოდნენ ე.წ. "გამწვანებული მოქმდებების" შესახებ.





