ფილიპ ზიმბარდო, ამერიკელი ფსიქოლოგი და სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი 14 ოქტომბერს, 91 წლის ასაკში საკუთარ სახლში, სან-ფრანცისკოში გარდაიცვალა. ზიმბარდოს გარდაცვალების შესახებ სტენფორდის უნივერსიტეტმა გამოაცხადა, თუმცა მიზეზი არ დაუკონკრეტებია.
ზიმბარდოს კვლევები უმეტესად ქცევაზე გარემოცვის გავლენას ეხებოდა. ზიმბარდო ავტორია 1971 წლის სტენფორდის ციხის ექსპერიმენტისა (Stanford Prison Experiment), რომელშიც კოლეჯის სტუდენტებმა ციხის მცველებისა და პატიმრების როლები მოირგეს. კვლევა მიზნად ისახავდა პატიმრობის ფსიქოლოგიური გამოცდილების შესწავლას. შედეგებმა აჩვენეს, რომ, სიტუაციიდან გამომდინარე, ადამიანმა შესაძლოა, რადიკალურად შეიცვალოს მახასიათებელი ქცევა.
დღემდე, ზიმბარდოს ეს კვლევა ფსიქოლოგიის კლასებში გამოიყენება ისეთი თემების განსახილველად, როგორებიცაა ბოროტების ფსიქოლოგია და ადამიანებზე ჩატარებული ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების ეთიკური მხარე.
თავისი 50-წლიანი კარიერის განმავლობაში, დოქტორი ზიმბარდო ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა და ჩაუტარებია კვლევები ისეთ თემებზე, როგორებიცაა სირცხვილი, ბოროტების ფსიქოლოგიური საფუძვლები და წარსული გამოცდილებების გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.