საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ სპორტისა და კულტურის ახალ მინისტრად თინათინ რუხაძე დანიშნა.
"1989 წლიდან გახლდათ ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, იყო კამერული ორკესტრის თბილისის კონცერტინოს დირექტორი, მოგვიანებით ტელეფესტივალ მანას აღმასრულებელი დირექტორი, ტიბისი ტვ-ს გენერალური პროდიუსერი, გახლდათ საქტელერადიო მაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის დირექტორი, შპს მელოდია არტის გენერალური პროდიუსერი, ასევე, თბილისის ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრის გენერალური დირექტორი, იყო თბილისის საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში და 2016 წლიდან დღემდე გახლდათ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი". - თქვა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, არჩევნების შემდეგ იგეგმება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდება კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფა, რის შემდეგაც რუხაძე კულტურის მინისტრი გახდება.
"მინდა, ქალბატონ თინათინს ვუსურვო წარმატებები კულტურისა და სპორტის მინისტრის და მოგვიანებით, კულტურის მინისტრის თანამდებობაზე". - თქვა კობახიძემ.
კულტურის მინისტრის მოადგილედ პრემიერმა შალვა გოგოლაძე წარადგინა, რომელიც დაანონსებული საკონონმდებლო ცვლილების შემდეგ, კობახიძის თქმით, სპორტის მინისტრი გახდება.
"შალვა გოგოლაძეს დამთავრებული აქვს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით არის იურისტი. წლების განმავლობაში ეწეოდა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, სხვადასხვა დროს იგი იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექტორი, იყო საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორი და წლების განმავლობაში ასევე იყო თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე.
2015 წლიდან, წლების განმავლობაში, იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას და მაშინაც კურირებდა სპორტის მიმართულებას. შესაბამისად, მას აქვს ძალიან ფართო გამოცდილება სპორტის სფეროში და დარწმუნებულები ვართ, ის იქნება ძალიან წარმატებული ჯერ პირველი მოადგილე სამინისტროში და შემდეგ უკვე ძალიან წარმატებული სპორტის მინისტრი, ბატონ შალვას მინდა, ვუსურვო წარმატებები". - თქვა კობახიძემ.
25 სექტემბერს ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა.
ცნობისთვის, წულუკიანი ქართული ოცნების სიის ათეულშია.
"ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ.
მე არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ ეძახიან ჩემნაირ იურისტს. [..]
ცოტა მოხულიგნოს, ცოტა ასე ვთქვათ, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს. ეს ხანდახან პრობლემაა და ვნახავთ, იმიტომ, რომ მარტო თქვენს სფეროში არ არიან მსახიობები და რეჟისორები, მე სადაც ვარ იქ მსახიობად ვმუშაობ და დამიბარეს და მივდივარ და როლიც გაირკვევა ალბათ რა მაქვს მორგებული, ძალიან მალე". - უთხრა წულუკიანმა აუდიტორიას.





