რუსეთში, დაღესტნის რესპუბლიკაში ახალგაზრდებმა საჭესთან უსინათლო მეგობარი დასვეს. შემთხვევა ზაფხულში მოხდა, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა.
მანქანით გასეირნება ავტოსაგზაო შემთხვევით დასრულდა – ახალგაზრდები MMA-ს მებრძოლის, რუსლან აბდულაევის მანქანას დაეჯახნენ, არავინ დაშავებულა.
დაჯახების შემდეგ მძღოლმა და მგზავრმა ადგილები გაცვალეს, რაც აბდულაევმა შეამჩნია.
გაბრაზებული აბდულაევი ახალგაზრდებს გამოელაპარაკა, უთხრა, რომ მძღოლი დაინახა. შემდეგ ავარიაში დამნაშავეებმა უთხრეს, რომ მათი მეგობარი უსინათლო, მაგრამ "კაი ბიჭია, რომელსაც უბრალოდ კატაობა უნდოდა". მებრძოლს ბიჭები შეეცოდა და ავარიის მონაწილეებმა მშვიდობიანად დატოვეს შემთხვევის ადგილი.
ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელებში ავარიის ვიდეო დაიდო. ამის შემდეგ სამართალდამცავებმა ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეებს ადმინისტრაციული ჯარიმები დაუწერა.





