უნგრეთი

უნგრეთში სამთავრობო მედიისა და პროპაგანდის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

szabadeuropa

5 ოქტომბერს უნგრეთის დედაქალაქში სახელმწიფო ტელე-რადიო არხის (MTVA) შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები სახელმწიფო პროპაგანდას და მედიის თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებდნენ.

პროტესტის მთავარი ორგანიზატორი ოპოზიციური პარტია TISZA-ს ლიდერი და ვიქტორ ორბანის ყველაზე დიდი მეტოქე, პიტერ მაგიარი იყო.

მემარჯვენე-ცენტრისტული ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პროტესტის მონაწილეებს სახელმწიფო მაუწყებლის მთავარ შტაბ-ბინასთან შეკრებისკენ მოუწოდა. 

დემონსტრანტები მედია MTVA-ის, რომელსაც "პროპაგანდის ქარხანა" შეარქვეს, დემონტაჟს, მედიის მთავარი ხელმძღვანელის, დანიელ პაპის გათავისუფლებასა და ნამდვილი საზოგადოებრივი მედიის აღდგენას ითხოვდნენ.

"ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო, უკვე საკმარისად ვნახეთ თქვენი ტყუილი, პროპაგანდა და ბოროტება. დღევანდელი მოცემულობით, უნგრეთის საჯარო მედია საერთაშორისო სკანდალია. საკმარისია!" - ამ სიტყვებით მიმართა მაგიარმა შეკრებილ საზოგადოებას.

უნგრეთის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, აკოს ჰადაზის თქმით, MTVA არის ხელისუფლების "ძალაუფლების ყველაზე გავლენიანი ბასტიონი ქვეყანაში". მან იმ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, გადადგომისკენ მოუწოდა. ჰადაზის თქმით, სამთავრობო პროპაგანდა კანონით უნდა აიკრძალოს.

Human Rights Watch-ის ინფორმაციით, ორბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უნგრეთში მედიის თავისუფლება განსაკუთრებით დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.

კომენტარები