სახელმწიფო დეპარატამენტის პრესსპიკერი ამერიკის ხმასთან მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ, ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებსა ქართული ოცნების ახალ საარჩევნო ბანერებზე საუბრობს.
აქამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, მხარეების დაინტერესების შემთხვევაში საქართველოს "მეზობლებთან", "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნებთან" შერიგებაში დაეხმაროს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელია, ხოლო რუსეთის ფედერაციამ, სრულად უნდა გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
"რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს და მისი ტერიტორიის 20 %-ის ოკუპაციას ახდენს. ჩვენი მხარდაჭერა უცვლელია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე ქართველი ხალხის მისწრაფებისადმი ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ"
"ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და პირობები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარი და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან". - თქვა სახდეპის პრესსპიკერმა, ამერიკის ხმის ცნობით.
ამერიკის ხმის ცნობით, სახდეპის პრესსპიკერი ასევე გამოეხმაურა ქართული ოცნების წინასაარჩევნო ბანერებსაც და აღნიშნა, რომ აშშ ამ არჩევნებს უყურებს, როგორც შესაძლებლობას ქართველი ამომრჩევლისთვის.
"რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ჩვენ ვუყურებთ ამ არჩევნებს, როგორც შესაძლებლობას ქართველი ამომრჩევლებისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი შეხედულება "ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებაზე, თავისი ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიისა და ევროპასთან ინტეგრაციის გაღრმავების მიტოვების თაობაზე". - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ამერიკის ხმის ცნობით.