კრიმინალი

POG: საბურთალოზე მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისში 27 სექტემბერს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 სექტემბერს, თბილისში, ჭაბუკიანის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 

"საბურთალოზე შელაპარაკებისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია" - ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

"მძიმე ჭრილობების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი დაპირისპირებულებს აშველებდა.

გიორგი იყო ძალიან ნიჭიერი, კარგად აღზრდილი და ნამდვილად დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსი" - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები