აშშ-ის რესპუბლიკელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა ოკუპანტებთან შეთანხმების მიღწევაზე უარის თქმის გამო.
ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტში გამართულ ღონისძიებაზე ტრამპმა თქვა, რომ ნებისმიერი შეთანხმებაზე არსებულ ვითარებაზე უკეთესი იქნებოდა.
"ჩვენ განვაგრძობთ მილიარდობით დოლარის მიცემას კაცისთვის, რომელიც უარს ამბობს შეთანხმებაზე. [...] არ არსებობდა შეთანხმება, რომლის მიღწევაც იმ სიტუაციაზე უკეთესი არ იქნებოდა, რომელიც ახლა გვაქვს. ქვეყანა განადგურებულია" – თქვა ტრამპმა.
რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი ბოლო თვეების განმავლობაში ხშირად იმეორებს, რომ თუ ის პრეზიდენტი გახდება, რუსეთ-უკრაინის ომს მალე დაასრულებს.
"თუ პრეზიდენტი არ გავხდი, ამ ომში გაჭედილები ვიქნებით. მე ამას გავაკეთებ. შევათანხმებ და [კონფლიქტიდან] გამოვალ. ჩვენ [კონფლიქტიდან] უნდა გამოვიდეთ" – თქვა ტრამპმა ჯორჯიაში საარჩევნო ღონისძიებაზე.
რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ New York Times-ის ინტერვიუში, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ განცხადებების მიუხედავად, ტრამპმა რეალურად არ იცის როგორ უნდა დაასრულოს ომი.
"შთაბეჭდილება მრჩება, რომ ტრამპმა დიდად არ იცის, როგორ უნდა დაასრულოს ომი, მიუხედავად იმისა, რომ ის ასე ფიქრობს. ხშირად, რაც უფრო ღრმად უყურებ ამ ომს, მით უფრო ნაკლები გესმის. ბევრი ლიდერი ვნახე, ვინც დარწმუნებული იყო, იცოდა როგორ დაესრულებინა ომი, მაგრამ რაც უფრო ჩაუღრმავდნენ მას, მიხვდნენ, რომ ეს ასეთი მარტივი არ არის" – თქვა ზელენსკიმ.
"უკრაინის პრეზიდენტი ჩვენ ქვეყანაში იმყოფება და ბინძურად ცილს სწამებს თქვენ საყვარელ პრეზიდენტს" – ტრამპი ეხმაურება ზელენსკის ინტერვიუს.





