რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზახაროვა: უკრაინის სამშვიდობო სამიტს არ დავესწრებით, ჩვენ ტერორისტებს არ ვესაუბრებით

მარია ზახაროვა

რუსეთი უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. ზახაროვას თქმით, ისინი "ტერორისტებს არ ესაუბრებიან".

"[სამიტი] არაფერ შუაშია [ურთიერთობების] დალაგებასთან. ეს ანგლოსაქსებისა და მათი უკრაინელი მარიონეტების თაღლითური სქემის კიდევ ერთი მანიფესტაციაა. ე.წ. მეორე სამშვიდობო სამიტს იგივე მიზანი აქვს - რომ აბსოლუტურად შეუძლებელი "ზელენსკის ფორმულა", როგორც კონფლიქტის გადაწყვეტის ერთადერთი საშუალება - დღის წესრიგში დადგეს, რათა მსოფლიოს უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვოს და რუსეთს ულტიმატუმი წაუყენოს კაპიტულაციისათვის". - თქვა ზახაროვამ. 

კრემლის პროპაგანდისტის თქმით, რუსეთი სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ვლადიმირ პუტინის მიერ 14 ივნისს ჩამოყალიბებული "სამშვიდობო ინიციატივა" ძალაში რჩება. 

"რუსეთისა და მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია, მივაღწიოთ სამართლიან და მდგრად შეთანხმებას. ჩვენ ტერორისტებს არ ვესაუბრებით". - თქვა თავად ტერორისტული სახელმწიფოს სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ცნობისთვის, უკრაინის პირველი სამშვიდობო სამიტი 2024 წლის 15-16 ივნისს გაიმართა. სამიტზე 93 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, რათა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხზე ემსჯელათ. რუსეთი ამ სამიტსაც არ დასწრებია. ამის მაგივრად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამიტამდე 1 დღით ადრე, 14 ივნისს გაავრცელა ის პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც რუსეთი უკრაინაში ომს დაასრულებდა. პუტინის ე.წ. სამშვიდობო გეგმის მიხედვით, უკრაინამ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და "მტკიცე უარი" განაცხადოს NATO-ში შესვლაზე და "მიატოვოს ბლოკში გაწევრიანების გეგმა". 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ივლისში განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევისთვის აუცილებელი იყო, რუსეთის წარმომადგენლები მეორე სამშვიდობო სამიტს დასწრებოდნენ. ამისდა მიუხედავად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ რუსეთი არც შემდეგ სამიტს დაესწრებოდა. პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კი თქვა, რომ რუსეთი თანახმაა მოლაპარაკებებზე ომის დასასრულებლად, თუმცა "არ ენდობა უკრაინის ხელისუფლებას" და სწორედ ამ მიზეზით არ მიიღებენ სამიტში მონაწილეობას.

კომენტარები