გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე შემოსავლებსა და ქონებას მალავს.
"სხვისი საქმიანობის გამჭვირვალობის გულმხურვალე მხარდამჭერის ქონებრივი დეკლარაცია საჯარო სამსახურის ბიურომ 2018, 2019, 2020 და 2022 წლებში შეამოწმა და ოთხივეჯერ უარყოფითი დასკვნა დაწერა. ჯაფარიძემ დეკლარაციებში სრულად არც საკუთარი ქონება მიუთითა და არც ოჯახის წევრების. არასრულად იყო მითითებული ინფორმაცია მის სამეწარმეო საქმიანობაზე, შემოსავლებზე, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვებსა თუ ხარჯებზე
დეპუტატს ტრადიციისთვის არც 2023 წელს უღალატია. ბოლო დეკლარაცია მან 2023 წლის დეკემბერში შეავსო, რომელშიც 2022 წლის მდგომარეობაა ასახული. ჩვენ ღია წყაროებიდან შევაგროვეთ ვიქტორ ჯაფარიძისა და მისი ოჯახის წევრების 2022 წლის ფინანსური თუ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში გამოტოვებული ინფორმაციაც". - ვკითხულობთ განცხადებაში.
აი ფაქტის ინფორმაციით:
- ვიქტორ ჯაფარიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა ინფორმაცია მეუღლის, ნათია ხვისტანის მიერ 2022 წელს, 800 000 ლარად გაყიდული შპს all season-ის წილის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ 800 000 ლარის შემოსავალი დამალა.
- დეკლარაციაში არც შპს სეტი+ შემოსავალია ასახული. ეს ის კომპანიაა, რომელიც დეპუტატის კუთვნილ სასტუმრო ფოსტას ფლობს და მხოლოდ ამ კომპანიას, 2022 წელს, 126 000 ლარზე მეტის გამარტივებული შესყიდვა ჰქონდა. უცნობია, რა შემოსავალი მიიღო სასტუმრომ 2022 წელს ფიზიკური პირებისგან.
- დეკლარაციაში მოხვდა შპს ქცია 94 ,რომლის 66.9%-ს ასევე ჯაფარიძის მეუღლე ფლობს. თუმცა, დეპუტატს კომპანიის მოგების შესახებ ინფორმაცია არც ამ შემთხვევაში აუსახავს – ეს მაშინ, როცა კომპანიის 2022 წლის სუფთა მოგება 859 530 ლარი იყო.
- დეკლარაციაში არც გასავალი ჩანს. მაგალითად, ტელეკომპანია "პოსტ ტვ"-ს წილისთვის გადახდილი 520 000 ლარი.
ვიქტორ ჯაფარიძე ქართული ოცნების სატელიტ პარტიასთან, ხალხის ძალასთან შეერთებამდე, 2012 წლიდან 2022 წლამდე მმართველი პარტიის წევრი იყო. აი, ფაქტი წერს, რომ 2022 წელს ჯაფარიძემ ჯერ პროსამთავრობო და პროპაგანდისტული ტელევიზიის, პოსტვ-ის 52%-იანი წილი იყიდა 520 000 ლარად და ამ გარიგებით ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა, შემდეგ კი, მალევე შეუერთდა ხალხის ძალას, რომელმაც 4 თვეში რუსული კანონი წარადგინა.





