რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"ვითარება რთულია" – გლადკოვის თქმით, უკრაინელები ბელგოროდის ოლქში შეღწევას ცდილობენ

უკრაინელი სამხედრო სუმის ოლქში, კურსკის ოლქის საზღვრის მახლობლად, 2024 წლის 11 აგვისტო.
REUTERS/Viacheslav Ratynskyi

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები სახელმწიფო საზღვრის გარღვევას ცდილობენ.

"რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სიტუაცია საზღვარზე კვლავ რთულია, მაგრამ კონტროლირებადი." - დაწერა გლადკოვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე.

გლადკოვის თქმით, რუსი სამხედროები "გეგმურ სამუშაოებს ასრულებენ". გაუგებარია რას გულისხმობს გუბერნატორი ამ სიტყვებით.

პროკრემლისტური ტელეგრამ-არხი Mash-ი საკუთარი ინფორმაციით წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 500-მდე სამხედრო საზღვრის გარღვევას ნეხოტეევკის რაიონსა და მრავალმხრივი საავტომობილო გამშვები პუნქტი შებეკინოს მახლობლად ცდილობს. კიდევ ერთი პროკრემლისტური ტელეგრამ-არხი SHOT-ი ირწმუნება, რომ გამშვებ პუნქტთან ბრძოლა არ მიმდინარეობს.

Mash-ი ასევე წერს, რომ 500 კაცში შედიან ქართველი მოხალისეებიც, ამერიკელ და პოლონელ მებრძოლებთან ერთად.

Mash-ის ცნობით, დაახლოებით 200 უკრაინელი სამხედრო საზღვრის გარღვევას დასახლება ნეხოტეევკის მიმართულებით ცდილობს, 300-მდე მებრძოლი კი შებეკინოს გამშვები პუნქტის მიდამოებში.


უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.

ასზე მეტი რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს და რამდენიმე ათეულობით დასახლებაზე კონტროლი მოიპოვეს. დანაკარგები ორივე მხარესაა. რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება განადგურებული საბრძოლო ტექნიკის ფოტოები და კადრები.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები და ცნობები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.

წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.

კომენტარები