რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"ევაკუირებულია 200-მდე ადამიანი" – ვორონეჟში უკრაინის დრონების დარტყმით ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ვორონეჟის ოლქზე უკრაინული დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად ტერიტორიაზე, სადაც ფეთქებადსაშიში მასალები ინახებოდა, ხანძარი გაჩნდა. 

ვორონეჟის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის თქმით, გასული ღამის განმავლობაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩამოაგდეს 5 უპილოტო საფრენი აპარატი. მისივე ინფორმაციით, ვორონეჟის ოსტროგოჟკის რაიონის სამ დასახლებულ ტერიტორიაზე ფეთქებადსაშიში მასალების დეტონაციისა და ხანძრის გამო საგანგებო ვითარება გამოცხადდა. გუბერნატორი წერს, რომ ერთი სოფლიდან და ერთი მებაღეობის არაკომერციული ამხანაგობიდან ევაკუირებულია 200-მდე ადამიანი. გუსევის მტკიცებით, დაშავდა ორი ადამიანი, აქედან ერთ-ერთი ქალი ჰოსპიტალიზებულია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ გასული ღამის განმავლობაში 7 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, აქედან 5 ვორონეჟის, თითო-თითო კი ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში.

ბელგოროდის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის მტკიცებით, ოლქზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე მალინოვკისა და ვეიდელევკის დასახლებებში.

რაც შეეხება ბრიანსკს, ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ ბოგომაზი წერს, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დაზიანებულა.

კომენტარები