რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, N19 გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს. აჯანყების შედეგად დაღუპულია ციხის ადმინისტრაციის 3 თანამშრომელი, რამდენიმე ბადრაგი მძევლად არის აყვანილი.
როგორც მედიებში იწერება, ბუნტის ორგანიზატორები თავს ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წევრებად აიდენტიფიცირებენ.
მედია Baza-ს ინფორმაციით მინიმუმ 2 ადამიანი საავადმყოფოშია მოხვედრილი, ერთი მათგანი ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელია, ხოლო მეორე დაშავებული პატიმარი.
მძევლების აყვანა სპეციალურ იზოლატორში, დისციპლინარული კომისიის სხდომის დროს მოხდა.
ბოლო ცნობით, მძევლად აყვანილია 4 კოლონიის თანამშრომელი.