რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ გასული ღამის განმავლობაში 45 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი კი ამბობს, რომ ეს მოსკოვზე თავდასხმის ერთ-ერთი უდიდესი მცდელობა იყო.
სობიანინის მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 10 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდა.
"მთელი ამ დროის განმავლობაში ეს არის მოსკოვზე დრონებით თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მცდელობა." – დაწერა სობიანინმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე.
რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც რამდენიმე დრონის ჩამოგდება ჩანს.
დრონების მასობრივ თავდასხმაზე წერდა ბრიანსკის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზიც. მისი მტკიცებით, ჩამოაგდეს 23 უპილოტო საფრენი აპარატი. ის ირწმუნება, რომ მოგერიებულია ყველა თავდასხმა. კალუგის ოლქის გუბერნატორმა, ვლადისლავ შაპშამ კი დაწერა, რომ ბრიანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან ჩამოაგდეს სამი დრონი.
თავდასხმების შესახებ საკუთარ ტელეგრამ-არხზე ორი საათის განმავლობაში განცხადებებს აქვეყნებდა ბელგოროდის გუბერნატორიც, ვიაჩესლავ გლადკოვი. მას არ დაუკონკრეტებია ჩამოგდებული აპარატების რაოდენობა. კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი კი ირწმუნებოდა, რომ ჰსთ-ს მეშვეობით რეგიონში ორი უკრაინული რაკეტა და ორი დრონი ჩამოაგდეს. მას არაფერი უთქვამს, მოჰყვა თუ არა თავდასხმას ზარალი. სამიზნე იყო ორიოლის ოლქიც. გუბერნატორი ანდრეი კლიჩკოვის თქმით, ჩამოაგდეს ერთი დრონი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ გასულ ღამეში ჩამოაგდეს 45 დრონი შემდეგ რეგიონებში: 11 - მოსკოვის ოლქში, 23 - ბრიანსკის ოლქში, 6 - ბელგოროდის ოლქში, 3 - კალუგის ოლქში, 2 - კურსკის ოლქში. ორიოლის ოლქზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.





