აშშ

აშშ-ს დაზვერვა: ტრამპის კამპანიის წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმა ირანმა მოაწყო

აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებმა დაადასტურეს, რომ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმა ირანმა მოაწყო

აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორის ადმინისტრაციამ (ODNI), კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სამსახურმა (CISA) და ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI) ამის შესახებ საერთო განცხადება გაავრცელეს

განცხადებაში წერია, რომ ირანმა აშშ-ს "დემოკრატიული ინსტიტუციებისთვის ძირის გამოსათხრელად და არეულობის დასათესად" ქვეყნის არჩევნებში ჩარევა გადაწყვიტა. 

სადაზვერვო სამსახურები აღნიშნავენ, რომ ირანი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად აღიქვამს. 

"ირანი ამ წლის არჩევნებს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად აღიქვამს იმ გავლენის მხრივ, რომელიც მას შესაძლოა ეროვნულ უსაფრთხოებაზე ჰქონდეს, რაც თეირანის მიდრეკილებას ზრდის, შედეგზე გავლენის მოხდენა სცადოს". - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ ახლანდელი საარჩევნო ციკლის დროს ირანელი ჰაკერების აქტიურობა გაიზარდა. 

"ამ საარჩევნო ციკლის დროს ირანის მხრიდან მზარდი აგრესიული აქტივობა შევამჩნიეთ, ეს კერძოდ მოიცავს ოპერაციებს, რომლებიც ამერიკულ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად და კიბერ ოპერაციებს, რომელთა სამიზნეც საპრეზიდენტო კამპანიები არის". - წერია განცხადებაში.

ფედერალური სამსახურების თქმით, ირანის სამიზნეს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, კამალა ჰარისიც წარმოადგენდა. 

"(რედ. - დაზვერვის საზოგადოება) დარწმუნებულია, რომ ირანელებმა სოციალური ინჟინერიისა და სხვა ძალისხმევების შედეგად მოიძიეს პირები, რომლებსაც ორივე პარტიის საპრეზიდენტო კამპანიაზე პირდაპირი წვდომა ჰქონდათ". - წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანის მხრიდან მსგავსი ტაქტიკები ახალი არ არის და აშშ-ს წინა არჩევნებშიც გამოიყენებოდა.

მანამდე, Politico-მ, The New York Times-მა და Washington Post-მა განაცხადეს, რომ ანონიმური გზით ტრამპის კამპანიის დოკუმენტები მიიღეს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. 

10 აგვისტოს ტრამპის კამპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ჰაკერული თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. განცხადებაში ირანის შესაძლო ჩართულობაზე მიუთითეს და მოიყვანეს Microsoft-ის ანგარიში, სადაც წერია, რომ 2024 წლის ივნისში ირანელმა ჰაკერებმა აშშ-ს მაღალი თანამდებობის პირების ელექტრონულ ფოსტაზე "მატყუარა" შეტყობინება გააგზავნეს.

კომენტარები