კანადა-უკრაინა

კანადამ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე თავისი იარაღის გამოყენების უფლება მისცა

ფოტო: Evgeniy Maloletka/Associated Press

კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, უკრაინას თავისუფლად შეუძლია კანადის მიერ გადაცემული ტანკებისა და ჯავშანტექნიკის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება.

კანადამ უკრაინას რვა Leopard 2A4 ტიპის ტანკი, რამდენიმე ასეულობით ჯავშანტექნიკა და ასევე M-777 ტიპის ჰაუბიცები გადასცა.

"უკრაინელებმა ყველაზე კარგად იციან როგორ დაიცვან თავიანთი სამშობლო და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ შესაძლებლობებს. კანადას არ აქვს არანაირი გეოგრაფიული შეზღუდვა იმ სამხედრო აღჭურვილობის გამოყენებაზე, რომელსაც ჩვენ უკრაინას გადავცემთ". - თქვა კანადის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ანდრე-ენ პულენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კანადის დახმარება ყოველთვის შეესაბამება იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულების მოთხოვნებს - საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც შექმნილია იარაღის უკანონო გადაცემისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შესამცირებლად.

ზუსტად ცნობილი არ არის, ჰქონდათ თუ არა უკრაინელებს კანადური იარაღი მაშინ, როდესაც ისინი კურსკის ოლქში შევიდნენ, თუმცა, CNN-ის მიერ ხუთშაბათს უკრაინის საზღვარზე გადაღებულ კადრებზე ჩანს კანადური წარმოების Senator ტიპის საპატრულო მანქანა, რომელიც კვეთს საზღვარს რუსეთში.

კომენტარები