მკვლელობა ლანჩხუთში

ლანჩხუთში კაცი, სავარაუდოდ მიწის ნაკვეთზე დაწყებული დავის გამო წამებით მოკლეს

"სქრინი" შსს-ს ვიდეოდან

გურიის მუნიციპალიტეტის ქალაქ ლანჩხუთში  8 აგვისტოს კაცი სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთზე დაწყებული დავის გამო წამებით მოკლეს - ამის შესახებ ტაბულას ინფორმაციას ორი წყარო უდასტურებს.

მოკლულის ოჯახის ახლობლის ცნობით, ბრალდებული ყოფილი სამხედროა, რომელიც შემთხვევის დღეს მოკლულთან ფერმაში მივიდა, სადაც მას სასმლითა და საკვებით გაუმასპინძლდნენ. მისივე ინფორმაციით, მოგვიანებით, არაფხიზელმა ბრალდებულმა კაცი დააბა, აწამა და ამის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გადაიღო. შემდეგ კი, პოლიციაში მივიდა, სადაც სამართალდამცველებს შეატყობინა, რომ კაცს სცემა და "მისულიყვნენ, თუ მიუსწრებდნენ."

როგორც მეორე წყარო ტაბულას უყვება, ბრალდებული უკვე დაკავებულია, მოკლულს კი ძვლები დალეწილ მდგომარეობაში აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე განზრახ მკვლელობის მუხლით [სსკ 108-ე მუხლი] დაკავებულია 1986 წელს დაბადებული დ.ტ. დანაშაული ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1958 წელს დაბადებულ თ.ს.- ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად თ.ს. ადგილზე გარდაიცვალა."

კომენტარები