რუსეთი

დაღესტანში ქალად გადაცმულმა შეიარაღებულმა პირმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა

დაღესტნელი პოლიციელები, საილუსტრაციო ფოტო.
РИА Новости / NewsTeam

დაღესტანში ქალად გადაცმულმა შეიარაღებულმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმამდე პოლიციელები პირის საბუთების შემოწმებას ცდილობდნენ, როცა მან ცეცხლი გახსნა. ორი პოლიციელი ჰოსპიტალიზებულია.

რუსეთის შსს-მ ძებნა გამოაცხადა 41 წლის დელიმხანოვ ალი შარპუდიევიჩზე, რომელიც წარმოშობით ჩეჩნეთის რესპუბლიკის შალინსკის რაიონის სოფელი ნოვაია ჟიზნიდან არის.

რუსეთის შსს-ს ცნობით, ეჭვმიტანილი გადაადგილდება ქალის სამოსით და მუსლიმების ტრადიციულ ნიქაბს ატარებს. ნიქაბი არის მუსლიმ ქალთა ტრადიციული სამოსი, რომელიც ფარავს მთელ სახეს, თვალების გარდა.

ტელეგრამ-არხი BAZA წერს, რომ ალი დელიმხანოვი შეიარაღებული ჯგუფის მეთაურია. BAZA-ს ინფორმაციით, 2016 წელს გავრცელდა ცნობა, რომ დელიმხანოვი ჩეჩნეთში მოკლეს, თუმცა, ახლა აღმოჩნდა, რომ ის ცოცხალია.

ალი დელიმხანოვი

როგორც BAZA წერს, 2016 წელს ნიჟნი გერზელი-ენგელ-იურტის გზაზე შეტაკება მოხდა. მაშინ პოლიციელებმა ორი მანქანის შეჩერება სცადეს, თუმცა ავტომობილებიდან ცეცხლი გაუხსნეს, ისროლეს ხელყუმბარებიც. დაიჭრა ოთხი პოლიციელი.ცხელ კვალზე ჩეჩნეთში, გუდერმესის რაიონში მოკლეს 8 შეიარაღებული პირი, როგორც მაშინ ამას Интерфакс-ი იუწყებოდა, რესპუბლიკის ადგილობრივ შსს-ზე დაყრდნობით. მათივე ცნობების მიხედვით, მოკლულთა შორის იყო ჯგუფის ლიდერი, 1983 წელს დაბადებული ალი დელიმხანოვი, რომელზეც ფედერალური ძებნა იყო გამოცხადებული.

თუმცა, BAZA წერს, რომ ეს ცნობა მცდარი იყო და სიმართლე 2017 წელს გაირკვა. როგორც ტელეგრამ-არხი წერს, დელიმხანოვი შეტაკებაში მონაწილეობას იღებდა, თუმცა მან შეძლო და შემთხვევის შემდეგ მიიმალა.

კომენტარები