გერმანია

 გერმანიაში სასტუმროს ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ფოტო: Harald Tittel/dpa/picture alliance

7 აგვისტოს, გერმანიის ქალაქ კროვში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ იმყოფება. სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მაშველების თქმით, ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანა განსაკუთრებით გაუძნელდათ, თუმცა მოხერხდა 4 ადამიანის ამოყვანა, ერთ-ერთი გადარჩენილი 2 წლის ბავშვია. დაღუპულთა შორის ერთი ქალი და ერთი მამაკაცია.

სასტუმროს ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

პოლიციის ცნობით, ერთი სართულის ჩამონგრევისას შენობაში 14 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 5-მა შენობის უვნებლად დატოვება შეძლო. ასევე პოლიციელების თქმით, შენობის არასტაბილური სტრუქტურის გამო სამაშველო სამუშაოები ძალიან რთულად მიმდინარეობდა.

"მთელი შენობის სტრუქტურა ბანქოს სახლს ჰგავს." - თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას სახანძრო და კატასტროფების კონტროლის ინსპექტორმა. მისი თქმით, სასტუმროში გარკვეული სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა უცნობია იყო თუ არა ეს ჩამონგრევის გამომწვევი მიზეზი.

კროვი მდინარე მოზელის დასავლეთთ, ფრანკფურტიდან 100 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქია, რომელიც ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ჩამონგრეული სასტუმროს შენობა კი მე-17 საუკუნით თარიღდება

კომენტარები