საქართველოს პროკურატურამ, სოფელ ატენში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორის მიერ, მოქალაქისთვის მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტის შემსწრე ერთ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობის ნიადაგზე ბრალი წაუყენა.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებული ი.ბ. თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.
"ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) დაუსწრებლად წარედგინა.
პროკურატურა ი.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს". - წერია განცხადებაში
29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, პროკურატურის ცნობით შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დაზარალებულს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა - ბრალდებული 31 ივლისს დააკავეს.
დაკავებულ დემეტრე რევაზიშვილს, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის) წარედგინა.