ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სექტემბრიდან საქართველოში უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია AIR CHINA პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, AIR CHINA თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში 3 ფრენას განიხილავს.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებამ დამატებით სტიმული მისცა ორმხრივ მოლაპარაკებებს სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების, მათ შორის, პირდაპირი ფრენების სიხშირეთა გაზრდისა და ფრენების გეოგრაფიის გაფართოების მიმართულებით.
"ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ახალი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები, ტრადიციულად, გრძელვადიან ტურებს ირჩევენ და გამოირჩევიან მაღალმხარჯველუნარიანობით. პირდაპირი ფრენების სიხშირეთა ზრდა ხელს შეუწყობს მეტი ვიზიტორის ჩამოსვლას ჩინეთიდან, რაც დადებითად აისახება ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე, აგრეთვე ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს დამატებით სტიმულს მისცემს,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ასევე ჩინეთის სხვა ქალაქებიდან ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით, რათა საქართველოში ჩამოსვლა უფრო მეტმა ჩინელმა ტურისტმა შეძლოს.
დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს China Southern Airlines-ი ასრულებს. გასული წლიდან ავიაკომპანიამ ეტაპობრივად გაზარდა ოპერირების სიხშირე და ამჟამად ურუმჩი - თბილისი - ურუმჩის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს. 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია China Southern Airlines-მა საქართველოსა და ჩინეთს შორის 19 991 მგზავრი გადაიყვანა.
2023 წელს Ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 48 304 იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 554.5%-იანი მატებაა.





