რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩინეთში უკრაინელი იუთუბერის სახეს AI-ის მეშვეობით შექმნილ პრორუსულ ვიდეოებში იყენებენ

Reuters

ჩინურ სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშები ვრცელდება, რომლებიც 21 წლის უკრაინელი იუთუბერის, ოლგა ლოიეკის სახეს მისი ნებართვის გარეშე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შექმნილ ვიდეოებში პრორუსული, პროჩინური მიმართვების გავრცელებისა და პროდუქტების გაყიდვისთვის იყენებს.

ყალბ ვიდეოებში ლოიეკის სახის მქონე გამოსახულებები ჩინურად ამბობენ, რომ რუსები არიან, ჩინურს თავისუფლად ფლობენ, უნდათ, რუსეთის მხარდაჭერისთვის ჩინეთს მადლობა გადაუხადონ და უკრაინასთან ომში რუსეთის დასახმარებლად პროდუქტებს, მაგალითად რუსულ ტკბილეულს, ყიდიან.

"ეს, პირდაპირი მნიშვნელობით, არის ჩემი სახე, რომელიც მანდარინზე  საუბრობს, ფონზე კი კრემლი და მოსკოვი ჩანს და მე ვსაუბრობ, როგორი დიდებულია რუსეთი და ჩინეთი. ძალიან შემზარავია, რადგან ასეთ რამეს ცხოვრებაში არ ვიტყოდი". - თქვა ლოიეკმა Reuters-თან საუბრისას.

ამ ყალბ ანგარიშებს ჩინეთში ასი ათასობით გამომწერი ჰყავთ, რაც ლოიეკის რეალურ მონაცემზე გაცილებით უფრო მეტია. გარდა ამისა, ანგარიშთა მიერ გაყიდული პროდუქტების, მათ შორის ტკბილეულის, ჯამური ღირებულება ათი ათასობით დოლარს შეადგენს.

Reuters-ი ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ანგარიშები, რომლებსაც ძირითადად ადამიანთა ინტერნეტზე განთავსებული მასალით მათი ნებართვის გარეშე ამზადებენ, მარტოხელა ჩინელი კაცებისთვის პროდუქტების გაყიდვას ისახავს მიზნად.

კომენტარები