გერმანია

გერმანიაში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა პირს, რომელმაც გამვლელზე წერაქვით თავდასხმა სცადა

Steven Hutchings/dpa/picture alliance

ოფიციალური პირების ინფორმაციით, 16 ივნისს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა მამაკაცი, რომელმაც გამვლელზე წერაქვით თავდასხმა სცადა.

შემთხვევა ქალაქის წმინდა პავლეს უბანში მოხდა, რომლის მახლობლადაც 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში, პოლონეთთან დაგეგმილი თამაშის წინ, 40 000-მდე ნიდერლანდელი გულშემატკივარი მსვლელობას მართავდა.

პოლიციის თქმით, ხსენებული პირი ლუდხანიდან წერაქვით შეიარაღებული გამოვიდა და პოლიციელებს ემუქრებოდა.

პოლიციის წარმომადგენელმა გამოცემა DPA-ს განუცხადა, რომ "არსებული ინფორმაციის მიხედვით, [შემთხვევას] ფეხბურთთან კავშირი არ ჰქონდა".

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცეცხლის გახსნამდე ერთ-ერთმა პოლიციელმა გაფრთხილების მიზნით ისროლა. ამასთანავე, გავრცელებული ცნობებით, პოლიციამ ასევე წიწაკის სპრეიც გამოიყენა.

მოგვიანებით, X-ზე პოლიციამ განაცხადა, რომ დაჭრილი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო მის გარდა არავინ დაშავებულა.

გერმანია წელს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელია. შესაბამისად, კვირას დაგეგმილი მატჩის გამო, უსაფრთხოების მიზნით, ქალაქში ასობით ჰამბურგისა და გერმანიის ფედერალური პოლიციელია მობილიზებული.

14 ივნისს აღმოსავლეთ გერმანიაში პოლიციამ ესროლა და მოკლა პირი, რომელიც რამდენიმე პირს დანით დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად მან ერთი ადამიანი მოკლა და ორი მძიმედ დაჭრა.

კომენტარები