პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს, თითქოსდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ხსენებული დანაშაულებრივი სქემით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 111 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით - 10 108 695 ლარს დაეუფლნენ. უწყების ცნობით, ბრალდება 5 პირს წარედგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს თითქოსდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, სხვადასხვა წლებში შპს „დელუქს დეველოპმენტი“ და შპს „დემაქს გოთუა“ დააფუძნეს. აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა ბინის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმეს, რომლის საფუძველზეც კორპუსის მშენებლობის დასრულებისა და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღეს, რის შემდეგაც დაზარალებულებმა ორივე კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები ჩარიცხეს. აღნიშნულის მიუხედავად, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და დაზარალებულთათვის შეძენილი ფართების საკუთრებაში გადაცემა. ხსენებული დანაშაულებრივი სქემით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 111 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით - 10 108 695 ლარს დაეუფლნენ" - წერია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულ სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე მუხლით ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა ორ პირს და მათი ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება.