ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სააკაშვილი: დღევანდელი გადაწყვეტილება არის ენმ-ს მუდმივი განახლების და სიმტკიცის ნიმუში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ცვლილებას გამოეხმაურა. მისი აზრით, ხაბეიშვილის გადაწყვეტილება, დაეტოვებინა პოსტი ჯანმრთელობის გამო, არის ენმ-ს "მუდმივი განახლების და სიმტკიცის ნიმუში".

"მივესალმები ლევანის გადაწყვეტილებას, რომ მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, რომელიც მას შეერყა პოლიტიკურად მოტივირებული ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად და ენმ-ის თავმჯდომარის პოზიციიდან გადაინაცვლოს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე. უმნიშვნელოვანესია, რომ ლევანმა სწრაფად მოახერხოს რეაბილიტაციის გავლა და მისებურად აქტიურად ჩაერთოს გადამწყვეტ ბრძოლაში. მხარს ვუჭერ თინა ბოკუჩავას ახალ თავმჯდომარედ არჩევას და პარტიის განახლებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს." – წერს სააკაშვილი.

სააკაშვილი კვლავ ირწმუნება, რომ საჭიროა ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება. მისივე მტკიცებით, ენმ გადაეწყობა "ახალი სახეებით" და დღევანდელი გადაწყვეტილება "არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მუდმივი განახლების და სიმტკიცის ნიმუში".

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ყველა პოლიტიკური ძალის გასაერთიანებლად. ამოვიდეთ იქიდან, რომ დღეს ასეთია ხალხის და განსაკუთრებით ახალგაზრდობის დაკვეთა. ენმ გადაეწყობა მთლიანად ამ მიმართულებით ახალი სახეებით, ახალი იდეებით, რაც დაეფუძნება წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობის ტრადიციას და მუდმივი განახლების პროცესს. დღევანდელი გადაწყვეტილება არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მუდმივი განახლების და სიმტკიცის ნიმუში." – წერს სააკაშვილი.

8 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ენმ-ს თავმჯდომარის პოზიციაზე ლევან ხაბეიშვილს თინა ბოკუჩავა ჩაანაცვლებდა. ხაბეიშვილის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის გამო მიიღო. მან აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის ყრილობას ბოკუჩავას პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნის გარდა შესთავაზებს, რომ თავად პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნონ.

1-ელ მაისს ლევან ხაბეიშვილს სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა. მას დაზიანებები ჰქონდა თავის არეში.

 

კომენტარები