უხილავი თამაში

9 ივნისს, CAVEA PLUS-ზე ფსიქოლოგიური თრილერის, უხილავი თამაშის პირველი სერია გამოვა

უხილავი თამაში
Cavea +

9 ივნისს, სტრიმინგის სერვისზე Cavea + ახალი, ქართული ფსიქოლოგიური თრილერის, უხილავი თამაშის პირველი სერია გამოვა.

მინისერიალი მარი ბექაურის იმავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციაა. პროექტზე რეჟისორები გიორგი ქადაგიძე და სოსო ბლიაძე მუშაობდნენ. ავტორების თქმით სერიალი მნიშვნელოვნად განსხვავდება წიგნისგან და წიგნს გაცნობილი მაყურებელიც რამდენიმე ახალ სიუჟეტურ ხაზს გაეცნობა.

"ვფიქრობ ეს პროექტი ქართულ სატელევიზიო თუ ინტერნეტ სივრცეში ძალიან განსხვავებული იქნება ხარისხითაც და შინაარსითაც, იმიტომ რომ, ჟანრული კინო ქართულ კინოსივრცეში ნაკლებად არის წარმოდგენილი. ამ სცენარმა და საბოლოო პროდუქტმა ეს ცარიელი სივრცე უნდა ამოავსოს". – ამბობს პროექტის ერთ-ერთი პროდიუსერი ქეთი მაჭავარიანი.

მინისერიალში მთავარ როლებს ქართული ტელესივრცისა და თეატრის ახალგაზრდა ვარსკვლავები გივიკო ბარათაშვილი და ნინა ლორთქიფანიძე ასრულებენ. მთავარი როლის შემსრულებლებს ზურგს უმაგრებენ როგორც ძველი, ისე ახალი თაობის მსახიობები, მათ შორის თემიკო ჭიჭინაძე, ეკატერინე დემეტრაძე, კახა კინწურაშვილი, მურმან ჯინორია, ანუკი ბუბუტეიშვილი, გიორგი ლიფონავა, ნინო კასრაძე, გიორგი მახარაძე.

სიუჟეტის მიხედვით, თბილისში ლიტერატურული გამომცემლობა გადაწყვეტს ორი ახალგაზრდა, დებიუტანტი მწერლის წიგნის გამოცემას. დედლაინის დღეს, მწერალი და რეპერი ნიკოლოზ მეში (გივიკო ბარათაშვილი) გამომცემლობას დაუსრულებელ წიგნს უგზავნის. გამომცემლობის დირექტორი, ნანა (ნინო კასრაძე) წიგნის პირველი ნაწილის წაკითხვისას აღმოაჩენს, რომ ბლოგერ სოფია გილგას (ნინა ლორთქიფანიძე) ამბავი მეშის წიგნის პერსონაჟის ამბის იდენტურია, ბლოგერს რეტროგრადული ამნეზია დაემართა და გაუჩინარდა. სერიალის გმირები ცდილობენ გაიგონ პასუხი, თუ როგორ მოხდა, რომ ერთი მწერლის გამონაგონი მეორე მწერლის ცხოვრებაში რეალურად მოხდა.

პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე Cavea Plus-მა მინისერიალის პირველი 30 წამი გამოაქვეყნა.

კომენტარები