ევროკავშირი

POLITICO: უნგრეთი შესაძლოა EU-ში დაკავებულ მაღალ პოზიციას დაემშვიდობოს

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი
Simon Wohlfahrt/AFP via Getty Images

გამოცემა POLITICO ევროკავშირის სამ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ვიქტორ ორბანის მუდმივი ობსტრუქციონიზმის გამო, ბლოკში შემავალი სახელმწიფოები უნგრეთის დასჯას გეგმავენ.

დიპლომატებმა გამოცემას უთხრეს, რომ უნგრეთს სურს შეინარჩუნოს გაფართოების საკითხებში ევროკომისრის პოზიცია, რომელსაც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებისას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. ახლა გაფართოების საკითხებში ევროკომისარი უნგრელი ოლივერ ვარჰეია, თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ბლოკის წევრ სახელმწიფოებს აღარ სურთ ამ პოზიციაზე უნგრელი პოლიტიკოსის ხილვა.

როგორც ერთ-ერთმა დიპლომატმა POLITICO-ს უთხრა, ბრიუსელში კითხვის ნიშნის ქვეშაც კი არ დგას საკითხი, უნდა მიეცეს თუ არა უნგრეთს ევროკავშირში მნიშვნელოვანი ბერკეტების გაკონტროლების უფლება.

ევროპულმა კომისიამ საკითხთან დაკავშირებით თქვა, რომ შემდეგ კომისრებს მთავრობები და კომისიის არჩეული პრეზიდენტი შეარჩევენ და მათ გადაწყვეტილებებზე წინასწარ არ ისაუბრებენ.

მიუხედავად ევროკავშირში მიმდინარე დისკუსიისა, POLITICO წერს, რომ უნგრეთს მაინც აქვს იმედი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის პოზიციის შენარჩუნებისა და ვარჰეის ხელახალი არჩევის.

ვარჰეი ევროკომისრის პოსტს 2019 წლიდან იკავებს, თუმცა, მის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში წამოიჭრა ბრალდებები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიმართ, არსებული პოლიტიკის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე. როგორც POLITICO წერს, ვარჰეის საქმიანობამ დაბნეულობა შექმნა ევროკავშირში რუსულ კანონთან დაკავშირებითაც. აღსანიშნავია, რომ აგენტების რუსული სტილის კანონის მიღებას ვიქტორ ორბანიც ცდილობდა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა მოუწოდა უნგრეთს, შეწყვიტოს კიევისთვის მრავალმილიონიანი ევროს სამხედრო პაკეტის დაბლოკვა. რამდენიმე დღით ადრე ლანდსბერგისმა POLITICO-ს უთხრა, რომ ბუდაპეშტი დგას იმის უკან, რომ ევროპას არ შეუძლია წარმოადგინოს თანმიმდევრული პოზიციები ღაზასა და უკრაინაში მიმდინარე ომებზე.

კომენტარები