საქართველო-NATO

აშშ-ს ელჩი NATO-ში არაა დარწმუნებული ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს თუ დაპატიჟებენ

ჯულიან სმითი

აშშ-ს ელჩი NATO-ში, ჯულიან სმითი დარწმუნებული არაა, საქართველოს დაპატიჟებენ თუ არა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვაშინგტონში დაგეგმილ სამიტზე.

ამის შესახებ მან მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"პირველ რიგში, სამიტზე ჩვენი პარტნიორების მონაწილეობაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. გამოვტოვებ, რადგან ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია. თუმცა ვფიქრობ, რომ არსებობს მტკიცე სურვილი, რომ გამოინახოს გზა NATO-ს ყველა პარტნიორის სამიტზე ჩართულობისთვის, ამა თუ იმ გზით. ასე რომ, ამ მიმართულებას თვალყური ადევნეთ. ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა წინადადებებს და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო დღეებსა და კვირებში ამაზე მეტი გვექნება სათქმელი." – უპასუხა სმითმა პირველი არხის ჟურნალისტის, ლევან ახალაიას შეკითხვას, მიღებული იქნება თუ არა საქართველო ვაშინგტონის სამიტზე.

NATO-ს ვაშინგტონის სამიტი 9-11 ივლისს იგეგმება.

რაც შეეხება რუსული კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, ელჩმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია გაიმეორა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის სურვილი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. მისივე თქმით, ვაშინგტონი ცდილობს, რომ ქართულ ოცნებას უბიძგოს ხალხის ნების მოსმენისკენ და პოლიტიკის შესაბამისად წარმართვისკენ.

"ჩვენ გვსურს [საქართველოს] მთავრობამ მოუსმინოს ხალხის ნებას და ასე წარმართონ პოლიტიკა. ეს იყო ჩვენი ბიძგი ოცნების პარტიისა და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ყველა წევრის მიმართ. ასე რომ, ვფიქრობ, აშშ-ს პოზიცია ამ საკითხზე საკმაოდ ცხადია, რაც შეეხება სამიტს დამატებით დეტალებს მომდევნო დღეებში შეიტყობთ." – თქვა სმითმა.

კომენტარები