რუსეთი

რუსეთი ბალტიის ზღვასა და ფინეთის ყურეში შიდა წყლების გაფართოებას აპირებს

რუსეთის ბალტიის ფლოტის ხომალდები, 2022 წელი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წამოაყენა ინიციატივა, რომელიც ბალტიის ზღვაში რუსეთის ტერიტორიული წყლების საზღვრების გადახედვასა და მათ გაფართოებას ითვალისწინებს. ინიციატივის მიხედვით, რუსეთს სურს საკუთარ შიდა წყლებად გამოაცხადოს კალინინგრადის აღმოსავლეთით და ფინეთის ყურეში მდებარე დამატებითი საზღვაო ტერიტორიები.

როგორც პროექტის დოკუმენტშია ნათქვამი, რუსეთის ფედერაციის საზღვაო სახელმწიფო საზღვარი შეიცვლება. ინიციატივის მიღების შემთხვევაში განკარგულება 2025 წლის იანვრიდან ამოქმედდება. პროექტში დაკონკრეტებული არაა ზუსტი კოორდინატები, თუმცა ნათქვამია, რომ საუბარია ფინეთის ყურეში მდებარე რუსული კუნძულების სამხრეთით მდებარე და კალინინგრადის ოლქის ქალაქების, ბალტიისკისა და ზელენოგრადის მიმდებარე წყლებზე.

"პირდაპირი საბაზისო ხაზების აქამდე არარსებული სისტემა დაწესდება ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე რუსეთის კუნძულების სამხრეთით, ასევე ქალაქ ბალტიისკისა და ზელენოგრადის რაიონში, რაც შესაძლებელს გახდის ეს აკვატორია გამოყენებულ იქნას რუსეთის ფედერაციის შიდა წყლებად." – წერია დოკუმენტში.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პროექტში წერია, ნაოსნობის სანავიგაციო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოსცემენ ახალ საზღვაო სანავიგაციო რუკებს.

ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კიმმო კილიუნენმა თქვა, რომ რუსეთს ამ საკითხთან დაკავშირებით მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

ამ ინფორმაციის გავრცელებას უარყოფითი შეფასება მოჰყვა ფინეთის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან.

 

კომენტარები