MEGOBARI Act

ბოკერია Megobari Act-ზე: რეჟიმის შეცვლის გარეშე ჩვენ ამ შანსს კვლავ ხელიდან გავუშვებთ

პირველად 90-იანი წლების შემდეგ, საქართველოს აქვს შანსი, გავაღწიოთ ამ რუსული გავლენის, პოსტსაბჭოთა გავლენის ჭაობიდან, მივაღწიოთ მაქსიმალურ დაცულობას ჩვენი მტრის აგრესიისგან, რუსული აგრესიისგან, მივაღწიოთ ეკონომიკურ კეთილდღეობას და გავხდეთ იმ სამყაროს ნაწილი, რომლის ბუნებრივი შემოქმედიც ვიყავით ისტორიის განმავლობაში, დასავლური ცივილიზაციის, ევროპის, ევროატლანტიკური სივრცის.

დღეს, პირველად 90-იანი წლების შემდეგ, გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება და როგორც ევროპისგან, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გვაქვს მკაფიო შემოთავაზება, რომ თუ ჩვენ ამ არჩევანს გავაკეთებთ, როგორც ქვეყანა, თუ გვეყოლება ხელისუფლება, რომელსაც ეს არჩევანი აქვს გაკეთებული, ჩვენთვის ეს გზა ხსნილია, ასევე, ეს ბოლო სიგნალები შეერთებული შტატებიდან იმავე შინაარსის მატარებელია.

ერთის მხრივ, არის გზა უსაფრთხოების, დიდი დასავლური უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ საქართველოს მაქსიმალური დაცულობის, ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევის შანსის, იმ სამყაროში თავისუფალი გადაადგილების, იქნება ეს ამერიკა თიუ ევროკავშირი, რომელმაც უკვე მოგვცა უვიზო მიმოსვლა აქამდე და, მეორეს მხრივ, არის გზა იმ რეჟიმის, რომელიც დღეს სამწუხაროდ საქართველოს ჰყავს - ჩვენს მტერთან შეკვრის, ჩვენი იზოლაციის, ჩვენი უფსკრულში გადაჩეხვის და თაობების გაწირვისა უბედურებისთვის, როგორც ჩვენ ეს არაერთხელ მოგვივიდა უახლოეს წარსულში.

90-იანებში საქართველოს არ ჰყავდა ხელისუფლება, რომელსაც უნდოდა ან შეეძლო სხვადასხვა ეტაპზე, რომ ჩვენი ეროვნული ამოცანები შეესრულებინა და განსხვავებით ლიტვისგან, ლატვიისგან, ესტონეთისგან, პოლონეთისგან, ჩვენ ეს შანსი ხელიდან გავუშვით, ჩვენც და მათ შორის, უკრაინამაც, რომელსაც, მაშინ ასევე არ ჰყავდა ის ხელმძღვანელობა, რომელსაც ამ ამოცანის შესრულება შეეძლო, კუჩმას სახით მაგალითად, და შემდეგ იანუკოვიჩის. ამ გაშვებული შანსის ფასს საქართველოც და უკრაინაც იხდის უმძიმესი მსხვერპლის ხარჯზე, უკრაინა დღეს გაცილებით უფრო დიდი მსხვერპლის, ჩვენც დიდი მსხვერპლი გვაქვს გაწეული ამ გზაზე.

დღევანდელი რეჟიმის შეცვლის გარეშე ჩვენ ამ შანსს კვლავ ხელიდან გავუშვებთ, ამიტომ, მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში პოლიტიკური პარტიების, რომ დღეს სრული კონცენტრაცია მოხდეს ამ ეროვნულ ამოცანაზე, მაშინ როდესაც ეს გზა გვაქვს ხსნილი.

ამ განცხადებებში, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ კონგრესმენ ჯო უილსონის ინიციატივაში, ნათქვამია, თუ კურსს შეიცვლის ხელისუფლება, ეს შესაძლებლობები არსებობს, თუ არადა, ის იქნება განხილული, როგორც თავისუფალი სამყაროს და ქართველი ხალხის მტერი და სწორედ ასე მოექცევიან მათ.

ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამ რეჟიმს თავისი ბუნებით არ შეუძლია კურსის შეცვლა, რომც არ გაეკეთებინათ ის ამაზრზენი განცხადებები, რაც დღესაც მოვისმინეთ და ეთქვათ, რომ "ჩვენ ახლა კანონზე დავფიქრდებით", რა თამაშსაც ხშირად თამაშობდნენ ხოლმე, ოღონდ ეს ბუნდოვანების რესურსი მათ უკვე ეწურებათ, და რომც არ ამოეწუროთ, ჩვენ გვესმის, რომ ამ ამოცანებს ისინი ვერ შეასრულებენ,  ივანიშვილს და მის პოლიტიკური არარაობების გარემოცვას ძალაუფლების შენარჩუნება მარტო ერთი გზით ესმით, იმ გზით, რასაც ჩვენ ვუყურებთ ამ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში -  ჩვენს მტერთან იდეოლოგიური და ფაქტობრივი შეკვრით, რუსეთის ინტერესების გატარებით, იმიტომ, რომ მათი მხარდაჭერა საკვანძოა ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნების საქმეში.

ამიტომ, ერთადერთი არჩევანი, რაც საქართველოს, ქართულ საზოგადოებას აქვს დღეს, არის სრული მობილიზაცია და კონსენსუსი, მათ შორის, ძალიან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანების, პოლიტიკური ცვლილებების მხარდაჭერაში, არამარტო ამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსვლაში, არამედ ამ რუსული რეჟიმის დემოკრატიულად დამარცხებაში, ამას სჭირდება ყველა იმ მოქალაქის მხრიდან, ვინც ამას აქამდე აკეთებდა, პოლიტიკური პროტესტის გაგრძელება.

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ საგანგებო ბრიფინგზე.

კომენტარები