რუსული კანონი

არ შევთანხმებულვართ – ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო მინისტრები პაპუაშვილის განცხადებაზე

ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უარყოფენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთისთვის სანქციების არდაწესებით და სააკაშვილის პატიმრობაში დატოვებით საქართველოს ხელისუფლება სწორად მოიქცა.

"დღეს, მათ შორის, შიგნით საუბრისას, ყველა შევთანხმდით, ჩვენ სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, როდესაც არ დავუწესეთ სანქციები [რუსეთს], მათი რჩევის საწინააღმდეგოდ. კარგი ვქენით, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს და არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი მათი რჩევის საწინააღმდეგოდ. ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ისინი, ვინც გვირჩევდნენ სანქციის დაწესებას და სააკაშვილის გათავისუფლებას, აღმოჩნდნენ მტყუანი". - თქვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას X-ზე უპასუხეს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.

"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შესახებ დაბნეულობის საპასუხოდ საჭიროდ ვთვლი განვმარტო - ჩვენ არ შევთანხმებულვართ, რომ საქართველო მართალი იყო, როდესაც უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები და არა "გარკვეული შეშფოთება", არამედ უკიდურესად მტკიცე შეხედულებები გამოვთქვით". - დაწერა ლანდსბერგისმა X-ზე.

ცაჰკნას თქმითაც, ამ საკითხთაგან არცერთზე არ შეთანხმებულან.

"ნება მომეცით, მკაფიოდ ვთქვა - ამ საკითხებიდან არცერთზე შევთანხმებულვართ.

ჩემი გზავნილი საპირისპიროა: საქართველო არ მიდის სწორი მიმართულებით". - დაწერა მან X-ზე.

პაპუაშვილის განცხადებას ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟეც, რომლის თქმითაც, მსგავსს არაფერს ეთანხმებიან.

"ჩვენ ეს არ გვითქვამს და არც რაიმე მსგავსს ვეთანხმებით. არ ვიცი, მან რა თქვა, ჩემი საქმე არ არის მისი ნათქვამის განსჯა, მაგრამ არა, ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რომ ქართული ოცნება მართალი იყო ან სააკაშვილთან, ან სანქციებთან დაკავშირებით, ან რაიმე მსგავს საკითხში. განსაკუთრებით, ამ კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით ცხადია, რომ თუ საქართველოს ჰყავს ახლო მეგობარი, უპირველესად, ეს ბალტიისპირეთია". - თქვა ბრაჟემ ფორმულას თარგმანის მიხედვით.

ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები მარგუს ცაჰკნა, ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი თბილისში დღეს, 15 მაისს ჩამოვიდნენ.

კომენტარები