გორის მუნიციპალიტეტი

გორში 63 ბაღისთვის რუსული კომპანიისგან უხარისხო პროდუქტები იყიდეს - თავისუფლების ინსტიტუტი

ფოტო: თავისუფლების ინსტიტუტი

თავისუფლების ინსტიტუტის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ, 2023 წლის თებერვალში რუსული წარმოშობის კომპანიისგან 414 155 ლარად 63 ბაგა-ბაღისთვის ნაყიდი რძის პროდუქტები ლაბორატორიული შემოწმების შედეგად უხარისხო აღმოჩნდა. პროდუქტებს შორის მათ შორი იყო უვარგისი არაჟანი და ხაჭო.

"შპს ამალთეა ჯგუფი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის აგვისტოს თვეში დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად. კომპანიის დირექტორი ხათუნა მიქაცაძეა. შპს ამალთეა ჯგუფის 5% წილს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ანგელინა ტრიპალინა ფლობს, ხოლო 5% წილს - ბესიკ ლაჩაშვილი, რომელიც სარგებლობს ორმაგი მოქალაქეობით - საქართველოს და რუსეთის ფედერაციის. დარჩენილ 50%-იან წილს ინაწილებენ დავით ჩაჩუა და ავთანდილ ხუჭუა. 

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, შპს ამალთეა ჯგუფს ევალებოდა რძის პროდუქტების (ხაჭო, კარაქი, იოგურტი, შესქელებული რძე, მაწონი, პასტერიზეული რძე და არაჟანი) მიწოდება 63 ბაგა-ბაღისთვის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით." - წერს ორგანიზაცია.

მათივე ინფორმაციით, 2023 წლის 24 მარტს გ.ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის, და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიაში რუსული წარმოშობის კომპანიის მიერ ქართული ბაღებისთვის გადაცემულ პროდუქციას ჩაუტარდა ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზი და დადგინდა, რომ:

  • ხელშეკრულების მიხედვით ყველის ცხიმიანობა უნდა ყოფილიყო 40%, და აღმოჩნდა 8,03%;
  • მაწონის ცხიმიანობა ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო 3,2%, აღმოჩნდა - 2,26%; 
  • არაჟნის შემთხვევაში ცხიმიანობა ხელშეკრულებით იყო 12-იდან 20 პროცენტამდე, ხოლო კვლევის შედეგად აღმოჩნდა 10,07 %;
  • ხაჭოს ცხიმიანობა ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო არანაკლებ 9%, ხოლო კვლევის შედეგად აღმოჩნდა 5,92%. 

თავისუფლების ინსტიტუტი წერს, რომ შპს ამალთეა ჯგუფის მიერ ბაგა-ბაღებში შეტანილი პროდუქტების ეტიკეტებზე მითითებული იყო ცხიმიანობის ის მაჩვენებლები, როლებიც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული, მაგრამ ლაბორატორიული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კომპანია მონაცემებს ეტყუება. ორგანიზაციის ინფორმაციით, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის შპს ამალთეა ჯგუფს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ერთჯერადად 250 ლარის ოდენობით.

მიუხედავად ამისა, "კომპანიამ ბაგა-ბაღების მომარაგება გააგრძელა აპრილში, მაისში, ივნისში და ივლისის თვეებშიც".

"აპრილში, მაისსა და ივნისში შემოტანილი პროდუქცია ისევ შეამოწმა გ. ნათაძის სახელობის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა, ივლისის თვეში მიღებული პროდუქტი კი უკვე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში გადამოწმდა და აღმოჩნდა, რომ ხაჭოც და არაჟანიც უვარგისია საკვებად.

ხაჭოს შემოწმების შედეგ პროდუქტში აღმოჩნდა მეტალის ნივთი და ობი; არაჟნის პროდუქტში კი აღმოჩნდა კოლიფორმული ბაქტერიები; რაც ნიშნავს იმას, რომ პროდუქტები არ შეესაბამება სასურსათო ნედლეულის ჰიგიენურ მოთხოვნებს და საკვები პროდუქტების ხარისხის სტანდარტებს. 

საერთო ჯამში კომპანიამ მიიღო სამი გაფრთხილება - ყოველ გაფრთხილებაზე ჯარიმდებოდა 250 ან 83 ლარით. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შემდეგ კი, 2023 წლის 17 ივლისს, რუსული წარმოშობის კომპანიას კონტრაქტი გაუწყვიტეს უხარისხო, საკვებად უვარგისი პროდუქტის გამო და დააკისრეს ჯარიმად მთლიანი თანხის 5%, რაც 20 707 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების შეწყვეტამდე გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს უკვე გადახდილი ჰქონდა სრული თანხის 56% (233 732 ლარი)". - წერს თავისუფლების ინსტიტუტი.

კომენტარები