რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკის თქმით, შოლცის გადაწყვეტილებით, უკრაინა დამატებით Patriot-ის სისტემებს მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Andrew Kravchenko/Bloomberg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს ესაუბრა და მადლობელია იმისთვის, რომ შოლცმა უკრაინისთვის დამატებით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება გადაწყვიტა.

"გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა. მადლობელი ვარ [გერმანიის] კანცლერის გადაწყვეტილების მიმართ, რომ უკრაინისას დამატებით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები და ასევე სხვა სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები გადასცეს". - წერს ზელენსკი.

ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტი ოლაფ შოლცს ლიდერობისა და ამ გადამწყვეტ მომენტში უკრაინის მხარდაჭერისთვის უხდის მადლობას.

ზელენსკიმ უკრაინულ ტელევიზიასთან გამართულ ინტერვიუში 6 აპრილს საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, რომ უკრაინას დამატებით თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება, რათა რუსეთის იერიშების მოგერიება შეძლოს.

ხოლო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებდა, ღამე ხარკოვში გაატარონ, რათა სწრაფად მიიღონ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებები.

კულებას თქმით, დღეს უკრაინა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელზეც ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები ხორციელდება. ამის გამო კულება კიევისთვის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას ითხოვს.

კომენტარები