ლაზარე გრიგორიადისის საქმე

TBILISI PRIDE: ლაზარეს განაჩენი გზავნილია, რომ შეგვეშინდეს და რუსული კანონი არ გავაპროტესტოთ

tbilisi pride

არასამთავრობო ორგანიზაცია TBILISI PRIDE მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს განცხადებით ეხმიანება.

"დღევანდელი განაჩენი კი საბოლოო გზავნილი იყო ხელისუფლებისგან, რათა დაგვაშინოს და ამით ხელი შეუშალოს რუსული კანონისა და რუსულ პოლიტიკის გაპროტესტებას". - წერს ორგანიზაცია.

"სამარცხვინო კლანურმა სასამართლომ უდანაშაულო ლაზარე გრიგორიადისს წარმოუდგენლად სასტიკი განაჩენი გამოუტანა და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა!

2023 წლის მარტის აქციებზე მოპოვებული გამარჯვებისთვის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, დასასჯელად უკვე ერთი წელია სისტემა სჯის ლაზარეს, დღევანდელი განაჩენი კი საბოლოო გზავნილი იყო ხელისუფლებისგან, რათა დაგვაშინოს და ამით ხელი შეუშალოს რუსული კანონისა და რუსულ პოლიტიკის გაპროტესტებას!

თუმცა გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება იქნება ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს და ერთად მოვითხოვთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, შეიწყალოს ლაზარე!

ჩვენში, საქართველოს მოქალაქეებში, სასოწარკვეთის გამოწვევა და ჩვენთვის იმედის ჩამორთმევა არასდროს ყოფილა მარტივი და არც ამ უღირსი ქმედებით გამარტივდება!

ყოველი დღე, რომელსაც ლაზარე ციხეში ატარებს, არის თითოეული ჩვენგანის სასჯელი და იმ ევროპული მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენება, რომლისთვისაც 2023 წლის მარტში ლაზარე ჩვენ გვერდით, ჩვენთან ერთად იბრძოდა!". - ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლომ 22 წლის ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. 

კომენტარები