რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებულ დონეცკში დაიკარგა რუსეთის მხარეს მებრძოლი ამერიკელი კომუნისტი მოხალისე

რასელ ბონერ ბენტლი

ოკუპირებულ დონეცკში დაიკარგა რუსეთის მხარეს მებრძოლი ცნობილი ამერიკელი კომუნისტი მოხალისე, რასელ ბონერ ბენტლი, ზედმეტსახელად ტეხასი. ბენტლი საკუთარ თავს ომის კორესპონდენტსაც უწოდებდა.

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბენტლი 8 აპრილს გაურკვეველი მიმართულებით წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. 

რასელ ბონერ ბენტლი უკრაინის ომში ჯერ კიდევ მაშინ მონაწილეობდა, როცა კონფლიქტი დონბასში დაიწყო. რუსული მედია წერს, რომ ის დონეცკში 2014 წლიდან იბრძვის. უკრაინული საიტი Миротворец-ი, სადაც ატვირთულია რუსეთის მხარეს მებრძოლი პირების ინფორმაცია, წერს, რომ 1960 წელს დაბადებული ბენტლი დონბასში უკრაინის წინააღმდეგ 2015 წლის იანვრიდან იბრძოდა და ირიცხებოდა რაზმ დროის არსში (კომუნისტური იდეოლოგიის მქონე ამავე სახელობის მოძრაობის მოხალისეობრივი დანაყოფი), ბატალიონ ხანში. ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ამერიკელი კომუნისტი მონაწილეობდა დონეცკის აეროპორტის აღებაში - დონბასის ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ცნობილ ბრძოლაში. წარსულში ბენტლი აშშ-ში გასამართლებული იყო ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, კონტრაბანდისთვისა და საერთაშორისო დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობისთვის. მას მისჯილი ჰქონდა თავისუფლების 5 წლით აღკვეთა, თუმცა ქვეყნის დატოვება შეძლო.

ამერიკელ კომუნისტ მოხალისეს საკუთარი პროპაგანდისთვის აქტიურად იყენებდა რუსული სამთავრობო პროპაგანდა, წერდნენ მასთან ინტერვიუებს. ბენტლი აშშ-სა და უკრაინის მმართველებს ფაშისტებს ეძახდა. მასთან ინტერვიუ 2015 წელს Vice News-მაც ჩაწერა, დონბასის ომის სერიების ფარგლებში.

 
 
 

კომენტარები