რუსული კანონი

ხელისუფლებასთან გამოითქვა შეშფოთება "გამჭვირვალობის" კანონთან დაკავშირებით – EU-ს დელეგაცია

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) დელეგაციის წევრების შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, 2024 წლის 10 აპრილი
საქართველოს მთავრობა

ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტი (PSC) საქართველოში ვიზიტს განაგრძობს.

კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილეს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების გზაზე 2023 წლის 8 აპრილს ევროპული კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ გამოხატეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონზე შეშფოთება.

"დრო არ იცდის და ახლა არის დრო შესრულდეს ცხრა ნაბიჯი და თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებას შექმნის. დელეგაციამ საქართველოს ხელისუფლებას გაუზიარა შეშფოთება რამდენიმე ბოლოდროინდელ ინიციატივასთან დაკავშირებით, მათ შორის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან მიმართებაში და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის 2024 წლის 4 აპრილის განცხადება დაიმოწმა. ევროკავშირმა თავის ფუძემდებლურ ხელშეკრულებაში დაცულ საკუთარ ღირებულებებს ხაზი გაუსვა.

კომიტეტის წევრები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს არსებული შესაძლებლობა, ასევე 2024 წლის 26 ოქტომბრის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით. ამ კონტექსტში, ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მოიწვიოს ეუთო/ოდირის დამკვირვებლები. ევროკავშირი აღნიშნავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობას და ხაზს უსვამს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის მიერ გაწეული ყველა დარჩენილი რეკომენდაციის გათვალისწინების საჭიროებას". - ვკითხულობთ კომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

სომხეთში 8-9 აპრილს გამართული ვიზიტის შემდეგ, ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციამ, რომელსაც ელჩი დელფინ პრონკი ხელმძღვანელობს, საქართველოში ორდღიანი ვიზიტი დღეს, 10 აპრილს დაიწყო. საქართველოს შემდეგ ისინი 11-12 მარტს აზერბაიჯანში ჩავლენ. ვიზიტის მიზანი "ევროკავშირისთვის საკვანძო მნიშვნელობის რეგიონში პარტნიორებთან დიალოგის გაძლიერებაა".

PSC-ის დელეგაციის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს, საპარლამენტო უმრავლესობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

კომენტარები