რუსეთი-სომხეთი

უფლებადამცველთა ცნობით, სომხეთში რუსმა სამხედროებმა რუსეთის მოქალაქე გაიტაცეს

რუსი ჯარისკაცები სომხეთში მდებარე რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაზე

ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის განყოფილებაში ამბობენ, რომ სომხეთში დისლოცირებულმა რუსმა სამხედრო პოლიციელებმა გაიტაცეს რუსეთის მოქალაქე, ანატოლი შჩეტინი (სხვა ინფორმაციით შჩეტინინი), რომელიც სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო იძებნებოდა.

სომეხი უფლებადამცველების ცნობით, გატაცებული პირი ჰყავთ ქალაქ გიუმრიში მდებარე 102-ე ბაზაში და მას რუსეთში გასაგზავნად ამზადებენ.

ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის განყოფილების მეთაურმა, არტურ საკუნცმა Важные истории-სთან საუბარში ამთქვა, რომ არ იციან, რა გარემოებებში გაიტაცეს რუსეთის მოქალაქე.

ამას გარდა, უფლებადამცველები არ აკონკრეტებენ, როგორ შეიტყვეს რუსეთის მოქალაქის დაკავების შესახებ, თუმცა აღნიშნავენ, რომ დაირღვა სომხეთის კანონები. ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის განყოფილება სომხეთის გენერალურ პროკურატურასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ არ დაუშვან რუსეთის მოქალაქის რუსეთში გაგზავნა, გაათავისუფლონ ის და პასუხისმგებლობას მისცენ მისი გამტაცებლები.

2023 წლის ბოლოს რუსეთის სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა სომხეთში გაიტაცეს დმიტრი სეტრაკოვი, რომელსაც უკრაინის ომში მონაწილეობა არ სურდა და ჯარიდან გაიქცა. ის ჯერ ქალაქ გიუმრიში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაში, შემდეგ კი რუსეთში გადაიყვანეს. დღეს მისი ბედი უცნობია. სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მაშინ რუსეთის ამ ქმედებებს უკანონო უწოდა.

აპრილის დასაწყისში ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის განყოფილებაში აცხადებდნენ, რომ რუსეთის ფედერაცია სომხეთში საკუთარ მოქალაქეებს უთვალთვალებდა.

კომენტარები