რუსული კანონი

მდინარაძეს ჰგონია, რომ Facebook-ი "გლობალურ ომის პარტიასთანაა" კავშირში

მას შემდეგ, რაც Meta-სთან კონტრაქტის მქონე ქართველმა დამოუკიდებელმა ფაქტჩექერებმა რუსულ კანონთან დაკავშირებული პროპაგანდისტული ქარდი ცრუ ინფორმაციის იარლიყით მონიშნეს, ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ჰგონია, რომ Facebook-ი ე.წ. "გლობალურ ომის პარტიასთან" არის დაკავშირებული.

"ასე ბლოკავდნენ სიმართლეს, როცა ძალა გააჩნდათ, ახლა ქვეყანაში ძალა არ გააჩნიათ. ზარებს მოჰყვა რაღაც რეაქციები გარედან და ძალიან სამწუხაროა, ერთი უნდა ვთქვათ, რომ სერგი კაპანაძის ფაქტჩექი თუ რაღაც ორგანიზაცია არის Facebook-ის ერთ-ერთი კონტრაქტორი საქართველოდან და უბრალოდ მათ გააჩნიათ ასეთი ურთიერთობა და გადაუმოწმებლად, თუ გადამოწმებით, არ ვიცი... გლობალური ომის პარტიას რომ ვახსენებ, ირონიული ღიმილი გვეგებება ხოლმე ცალკეული ადამიანების მხრიდან და ამ დროს ერთ დღეში რამდენიმე ათასი ბანერის დაბლოკვა, რომლებზეც სიმართლე იყო დატანილი და არგუმენტების არწარმოდგენა, ნიშნავს იმას, რომ ნაცმოძრაობის მეთოდები ისევ ძალაშია. ქვეყნის შიგნით აღმოიფხვრა, ახლა ქვეყნის გარეთ დარჩა." – თქვა მდინარაძემ. 

factchek.ge არის Facebook-ის კონტრაქტორი ქართული ორგანიზაცია, რომელიც სოციალურ ქსელში დეზინფორმაციას ებრძვის და შესაბამის ფეისბუქ-პოსტებს ვერდიქტს ანიჭებს. ორგანიზაცია პოსტებისთვის ცრუ ინფორმაციის იარლიყის მინიჭების გარდა აქვეყნებს მასალას, თუ რატომ არის აღნიშული პოსტი სიყალბე. factcheck-ი ასე მოიქცა რუსულ კანონთან დაკავშირებული სახელისუფლებო ქარდების ყალბ ინფორმაციად მონიშვნის დროსაც. ქარდი, რომელიც მოინიშნა, პოზიტიურად წარმოაჩენდა კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და ირწმუნებოდა, რომ კანონი არა რუსული, არამედ ევროპულია.

მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი ფაქტჩექერები ცალკეული პირის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს დეზინფორმაციად მონიშნავენ, Facebook-ის ალგორითმი ავტომატურად პოულობს სხვადასხვა მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებულ ამავე ვიზუალურ მასალას და ადებს გაფრთხილებას, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას.

Facebook-ის მფლობელ კომპანია Meta-სთან დადებული კონტრაქტის მიხედვით, დამოუკიდებელ ფაქტჩექერებს არ აქვთ უფლება, რომ ცრუ ინფორმაციის იარლიყი მიანიჭონ პოსტებს, რომლებიც პოლიტიკოსთა მიერ არის გამოქვეყნებული. თუ პოლიტიკოსის პოსტი ალგორითმის მიერ ავტომატურად მაინც მოინიშნება, შესაძლებელია შეზღუდვის მექანიკურად მოხსნა. სწორედ ამიტომ მოეხსნა გაფრთხილება ცრუ ინფორმაციის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატი დიტო სამხარაძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტსაც.

 

კომენტარები