რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის მიღება მნიშვნელოვანი და გადაუდებელია

AP Photo/Mark Schiefelbein, Pool

4 აპრილს, NATO-ს დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი მისი თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის და ირანის დახმარებით აძლიერებს. ამის ფონზე, დასავლურმა სამყარომ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასაც შეხვდა ბრიუსელში, სადაც მათ უკრაინისთვის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს.   

"ჩვენ ვიცით რა არის საჭიროებები: საჰაერო თავდაცვა, არტილერია და საბრძოლო რესურსი. შესაბამისად ყველა, აშშ-ის ჩათვლით,გააორმაგებს ძალისხმევას უკრაინის დასახმარებლად; უკრაინა გახდება NATO-ს წევრი" — განაცხადა ბლინკენმა. 

მიმართვაში სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის მიღება უპირობოდ მნიშვნელოვანი და გადაუდებელია. 

"ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ როგორც გადაუდებელ საკითხებზე, ასევე უკრაინული არმიის სამომავლო გაძლიერებაზე, რათა მას უკეთ შეეძლოს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ აგრესიას" — თქვა მდივანმა.

ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის 30-ზე მეტი ქვეყანაა მოლაპარაკების პროცესში ჩართული და ისინი ორმხრივად აწერენ შეთანხმებას ხელს დაკმაყოფილდეს უკრაინის საჭიროებები უსაფრთხოების სფეროში. 


NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოდის ინიციატივით, რომ უკრაინის დასახმარებლად მოკავშირეებმა რეზერვი შექმნან, რათა მომავალი ხუთი წლის განმავლობაში უკრაინას $100 მილიარდით დაეხმარონ.

სტოლტენბერგის წინადადებაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ეს პროცესი ივლისში NATO-ს ლიდერების შეკრებამდე არ დასრულდება. ამ ინიციატივას ალიანსის წევრი 32 სახელმწიფოს მხარდაჭერა დასჭირდება.

ამასთანავე, დახმარების პაკეტის ფარგლებში შესაძლოა, ე.წ. "რამშტაინის ფორმატის" ხელმძღვანელობა აშშ-ს ნაცვლად NATO-მ საკუთარ თავზე აიღოს, რა შემთხვევაშიც ფორმატს ევროპაში NATO-ს ძალების მეთაური ჩაუდგება სათავეში.

გამოცემა Politico-ს ორმა დიპლომატმა განუცხადა, რომ $100-მილიარდიანი დახმარების გეგმას სტოლტენბერგი ხვალ ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს წარუდგენს. დიპლომატების თქმით, NATO-ს ქვეყნები იმედოვნებენ, რომ საკითხზე შეთანხმება ივლისში დაგეგმილი სამიტისთვის დასრულდება, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება.

კომენტარები