რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების შესრულების მეთვალყურე გაეროს პანელი დაშალა

Reuters

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს კენჭისყრისას რუსეთმა, როგორც მუდმივმა წევრმა, ვეტოს უფლება გამოიყენა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მეთვალყურე პანელის განახლება დაბლოკა.

ჩრდილოეთ კორეაზე დაწესებული სანქციები კვლავ ძალაშია, თუმცა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მათ დარღვევებს მეთვალყურეობდა, დაიშლება. 

დანარჩენი 14 წევრი სახელმწიფოდან ჯგუფის განახლებას 13-მა დაუჭირა მხარი, ჩინეთმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. 

2006 წლიდან ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის პროგრამის გამო, მის წინააღმდეგ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციები მოქმედებს. 

რუსეთის გადაწყვეტილებას დასავლური სახელმწიფოებისგან კრიტიკა მოჰყვა.

გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და აშშ-მ უსაფრთხოების საბჭოს უთხრეს, რომ რუსეთმა სამეთვალყურეო ჯგუფი რუსეთის მიერ წესების დარღვევის შესახებ შეტყობინების გამო გააუქმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ვეტო ბრალის აღიარებას უტოლდება და რომ რუსეთი ომში ჩრდილოეთ კორეის მიწოდებულ იარაღებს იყენებს.

გაეროში სამხრეთ კორეის წარმომადგენელმა რუსეთის "ბრმა ეგოცენტრულობა" გააკრიტიკა და თქვა, რომ სანქციების რეჟიმის "მცველთა დაშლას" არანაირი გამართლება არ აქვს. 

"ეს თითქმის შეიძლება შევადაროთ CCTV-ის განადგურებას, რათა დანაშაულის ადგილზე არ დაგიჭირონ". - თქვა ელჩმა, ჰვანგ ჯოონ-კოოკმა. 

გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ თქვა, რომ სანქციები ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობაზე "მძიმე ტვირთს" წარმოადგენდა.

"პანელი აგრძელებდა ყურადღების გამახვილებას უმნიშვნელო საკითხებზე, რომლებიც არ ესაბამება ნახევარკუნძულის პრობლემებს". - თქვა ნებენზიამ. 

რუსეთი და ჩინეთი 2019 წლიდან ცდილობდნენ, რომ უსაფრთხოების საბჭო სანქციების შემსუბუქებაში დაერწმუნებინათ.

მანამდე, გამოცემა Financial Times წერდა, რომ რუსეთმა ფხენიანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მიუხედავად ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობის პირდაპირ მიწოდება დაიწყო. 

ბოლო დროს მედიაში გავრცელდა არაერთი ცნობა იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად რაკეტებს აწვდის. კრემლი ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს, ხოლო ჩრდილოეთ კორეა ცალსახად უსვამს ხაზს, რომ რუსეთს მსგავსი ტიპის შეიარაღებას არ აწვდის.

მანამდე, 11 იანვარს, აშშ-მ სამი რუსული კომპანიისა და ერთი ინდივიდის წინააღმდეგ დააწესა სანქციები უკრაინაში ჩრდილოეთ კორეაში დამზადებული რაკეტების გამოყენებისთვის.

სანქციები შეეხო 224-ე საფრენ დანაყოფს, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიაა, რომელიც საჰაერო ძალებისგან წარმოიშვა და ზედამხედველობს საჰაერო ტვირთების გადაზიდვას. კომპანიის თვითმფრინავები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, მონაწილეობდნენ ჩრდილოეთ კორეიდან ბალისტიკური რაკეტების რუსეთში გადატანაში.

კომენტარები