თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

რუსეთის ინტერესების სექცია: მადლობლები ვართ მათი, ვინც ტრაგედიის მიმართ თანადგომა გამოხატა

მოქალაქე საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციასთან. წარწერა ფურცელზე: "საქართველო თქვენთანაა! ვიზიარებთ მწუხარებას"
Telegram/Paper Kartuli

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის მათ, ვინც კროკუს სითი ჰოლში მომხდარი თავდასხმის შემდეგ სამძიმარი გამოხატა და მათთან ყვავილები და სანთლებიც მიიტანა.

"შეშფოთებული თბილისელები და ჩვენი თანამემამულეები აგრძელებენ ყვავილების და სანთლების მიტანას რუსეთის ინტერესების სექციასთან, კროკუს სითი ჰოლში მომხდარი ამაზრზენი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა მწუხარების გასაზიარებლად.

ჩვენ მადლობლები ვართ ყველასი, ვინც ამ ტრაგედიის მიმართ გამოხატა თანადგომა. 24 მარტს რუსეთში გამოცხადდა გლოვა დაღუპულთა გამო". - წერს რუსეთის ინტერესების სექცია.


22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.

თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 137-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მომხდარს პირადად მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, გაქცეული ტერორისტები, რომლებიც დააკავეს, უკრაინის საზღვრის მიმართულებით მიდიოდნენ და მეზობელ ქვეყანაში გადასვლას აპირებდნენ. ამას უარყოფს უკრაინა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) აიღო.

7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.

კომენტარები