რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: პუტინი ხალხზე ფიქრის ნაცვლად, ცდილობს, ყველაფერი უკრაინას დაუკავშიროს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე ბერლინში, 14 მაისი, 2023.
REUTERS/Fabrizio Bensch

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს გამოეხმაურა, რომელმაც მანამდე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მოსკოვის ოლქში ტერაქტის მოწყობის შემდეგ თავდამსხმელები უკრაინისკენ გარბოდნენ, სადაც უკრაინული მხარე მათთვის საზღვრის გადაკვეთაში დახმარებას გეგმავდა.

გავრცელებულ ვიდეოში ზელენსკი ამბობს, რომ მოსკოვის ოლქში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით "პუტინი და მისი არამზადები ცდილობენ, ყველაფერი სხვას დააბრალონ". ამასთანავე, ზელენსკის თქმით, რუსეთმა ასობით ათასი საკუთარი ტერორისტი უკრაინაში საბრძოლველად ჩაიყვანა.

"ეს [ტერორისტული თავდასხმა] გუშინ მოხდა, და ეს სრული არარაობა პუტინი, რუსეთის მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათთვის მიმართვის ნაცვლად, ერთი დღის განმავლობაში ჩუმად იყო იმაზე ფიქრში, თუ როგორ ჩართოს უკრაინა ამაში. ეს წინასწარ სრულად განჭვრეტადი იყო". - თქვა ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.

ზელენსკის თქმით, "ასობით ათასი რუსი, რომლებიც ახლა უკრაინელების მიწაზე მკვლელობით არის დაკავებული, სავსებით საკმარისი იქნებოდა, ნებისმიერი ტერორისტის შესაჩერებლად.

ვლადიმირ პუტინი 22 მარტს მოსკოვის ოლქის Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას შაბათს გამოეხმაურა და სიტყვით გამოსვლაში განაცხადა, რომ ტერაქტის შემდეგ თავდამსხმელები უკრაინისკენ გარბოდნენ, სადაც, პუტინის მტკიცებით, უკრაინული მხარე საზღვრის გადაკვეთისთვის თავდამსხმელებს "გადასასვლელ ფანჯარას" უმზადებდა.

"რაც შეეხება ამ დანაშაულის გამოძიებასა და ოპერატიული-სამძებრო სამუშაოებს, ამჟამად შეიძლება ითქვას შემდეგი: ტერაქტის უშუალოდ შემსრულებელი ოთხივე პირი, ყველა, ვინც ისროდა, ხოცავდა ხალხს, ნაპოვნი და დაკავებულია. ისინი ცდილობდნენ მიმალვას და გადაადგილდებოდნენ უკრაინის მიმართულებით, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, მათთვის უკრაინის მხარის მიერ მომზადებული იყო სახელმწიფო საზღვარზე გადასასვლელი ფანჯარა". - განაცხადა პუტინმა.

კომენტარები