თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

რა ვიცით რუსეთში მომხდარ ტერაქტზე?

22 მარტს რუსეთში, მოსკოვის ოლქის Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში ოთხმა შეიარაღებულმა პირმა მშვიდობიან მოსახლეობაზე ტერორისტული თავდასხმა დაიწყო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ტერორისტულ თავდასხმას ბოლო მონაცემებით 133 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა და სხვა სამართალდამცავმა ორგანოებმა 11 პირი დააკავეს. ხოლო ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, იგივე ISIS-მა, აიღო.

ISIS-მა დღეს, 23 მარტს, განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოსკოვის ოლქში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმის დეტალებზეა საუბარი. ამასთანავე, ტერორისტული დაჯგუფება, ოთხი თავდამსხმელის სურათს ავრცელებს, რომელიც, სავარაუდოდ, ტერაქტამდეა გადაღებული.

ISIS-ის თქმით, გუშინ მოსკოვის ოლქში მომხდარი თავდასხმა "ბოლო წლებში ყველაზე სასტიკი" იყო. ტერორისტულმა დაჯგუფებამ ასევე დაამატა, რომ გუშინდელი ტერაქტი ისლამთან მებრძოლ ქვეყნებთან ბრძოლის კონტექსტში მოხდა.

თავდასხმაზე საუბრისას ISIS-მა განაცხადა, რომ სამმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ხალხს ცეცხლი საკონცერტო დარბაზში გაუხსნა, ხოლო მეოთხემ დარბაზს ცეცხლი მოუკიდა.

თუმცა, სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თავდამსხმელები "მიმალვას ცდილობდნენ და უკრაინის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, მათთვის უკრაინის მხარის მიერ მომზადებული იყო სახელმწიფო საზღვარზე გადასასვლელი ფანჯარა".

თეთრი სახლი აცხადებს, რომ არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მოსკოვში საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის უკან უკრაინა ან უკრაინელები იდგნენ.

"ამ დროისთვის არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სროლაში უკრაინა ან უკრაინელები იყვნენ ჩართულნი". - უთხრა თეთრი სახლის სპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ რეპორტიორებს. 

რუსული მედიის, Baza-ს მიხედვით, ტერაქტის შემდეგ სამართალდამცავები თეთრ სედანს ეძებდნენ, რომელშიც სავარაუდოდ დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე შეიარაღებული პირი იმყოფებოდა. 

ხოლო დღეს რუსულ მედიასა და ტელეგრამ არხებზე ვიდეოები გავრცელდა, რომელშიც რუსეთის ძალოვანი სამსახურების მიერ დაკავებული ტერორისტების დაკითხვის კადრები ჩანს. ამასთანავე, ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აჭრის ერთ-ერთ ტერორისტს ყურის ნაწილს სამხედრო ფორმაში მყოფი პირი და მოგვიანებით თავდამსხმელს საკუთარი ყურის ჭამას აიძულებს.

ტერაქტს ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა, რომელმაც Crocus City Hall-ში თავდასხმის ჩამდენები "ლაჩრებად" და "არარაობებად" მოიხსენია. 

"ძალადობის მსგავსი აქტების ჩადენა მხოლოდ ლაჩრებსა და არარაობებს შეუძლიათ, რომლებიც გაბედულები მხოლოდ დაუცველებისა და უიარაღოების წინაშე არიან". - თქვა კადიროვმა. 

7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.

"საელჩო აკვირდება ცნობებს იმის შესახებ, რომ ექსტრემისტებს მოსკოვში თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, კონცერტებზე თავდასხმის გარდაუვალი გეგმები აქვთ". - წერდა აშშ-ს საელჩო მოსკოვში.

თავდასხმის შემდეგ, უკრაინის მხარეს მებრძოლმა მოხალისეობრივმა დანაყოფმა რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში მონაწილეობა ნამდვილად არ მიგვიღია". - უთხრა РДК-ს წარმომადგენელმა Новая газета Европа-ს.

ხოლო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურში თქვეს, რომ მოსკოვში მომხდარი თავდასხმა ვლადიმირ პუტინის გააზრებული პროვოკაცია იყო.

"ეს პუტინის სპეცსამსახურის გააზრებული პროვოკაციაა, რომელზეც საერთაშორისო საზოგადოება გვაფრთხილებდა. კრემლის ტირანმა საკუთარი კარიერა ასე დაიწყო და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი მსგავსი დანაშაულებით სურს დასრულება". - უთხრა დაზვერვის სამსახურის სპიკერმა, ანდრიი იუსოვმა Українська правда-ს.

გამომძიებელი ჟურნალისტის, ხრისტო გროზევის თქმით, მოსკოვში ტერორისტულ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ФСБ-ს მიერ ISIS-ის ტერორისტების დაკავება მიმდინარეობდა. ამის შესახებ გროზევმა ტელეკომპანია Дождь-ის ეთერში ისაუბრა.

გამომძიებელი ჟურნალისტის თქმით, თუ ФСБ სავარაუდო თავდამსხმელად ISIS-ს გამოაცხადებს, ეს, სავარაუდოდ, სიმართლე იქნება. თუმცა, გროზევი იმასაც ვარაუდობს, რომ თავდასხმის უკან თავად ФСБ დგას, მიზანი კი საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებაა.

კომენტარები