ავტოსაგზაო შემთხვევა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევებს 2 პირი ემსხვერპლა

გუშინ, 17 მარტს ბათუმში 2 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა. ტაბულას აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ერთი ავარია კლინიკა მედინასთან მოხდა, ხოლო მეორე სარიტუალო დარბაზ სამ ძმასთან.

გამომცემლობა ბათუმელების ინფორმაციით, 40 წლამდე ქალს კლინიკასთან, გზაზე გადასვლის დროს მანქანა დაეჯახა.

"მისი შვილი რამდენიმე დღეა რეანიმაციულ განყოფილებაშია, ქალს რძე მოჰქონდა ბავშვთან, საღამოს 9 საათი იქნებოდა." - უთხრა ბათუმელებს კლინიკის უფროსმა, ლევან ქობალიამ.

ბათუმელების ინფორმაციით, მეორე პირს ავტომანქანა ზებრაზე გადასვლის დროს დაეჯახა.

შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები