რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ტერიტორიაზე იერიში 50-მდე დრონით მიიტანეს, რიაზანში სამიზნე როსნეფტის ქარხანა იყო

კადრი ვიდეოდან, რომელშიც ჩანს თუ როგორ დაეჯახა დრონი რიაზანში მდებარე ნავთობსაწარმოს

13 მარტის ღამეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იერიშები რამდენიმე ათეულმა დრონმა მიიტანა.

რიაზანის ოლქში უპილოტო საფრენმა აპარატმა როსნეფტის ნავთობსაწარმო დააზიანა. ამ რეგიონის გუბერნატორის, პაველ მალკოვის თქმით, თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები. მას დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ტელეგრამ-არხი 112 წერს, რომ რიაზანნეფტპროდუქტზე, როსნეფტის შვილობილ კომპანიაზე იერიში სამმა დრონმა მიიტანა. მათივე ცნობით, უპილოტო აპარატებმა დააზიანეს ორი ნავთობგადამამუშავებელი. ხანძარი, რომელიც დარტყმის შედეგად გაჩნდა, სხვადასხვა ცნობებით 100-200 კვადრატულ მეტრს მოედო. 

რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, რიაზანზე დარტყმის შედეგად დაშავებულია 2 ადამიანი და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის.

გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც ჩანს, როგორ ეჯახება დრონი ნავთობობიექტს.

ვორონეჟის ოლქში, გუბერნატორი ალექსანდრ გუსევის მტკიცებით, 30-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. მისივე ცნობით, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და კერძო სახლი. 

დრონების სამიზნე იყო ლენინგრადის ოლქიც. გუბერნატორი ალექსანდრ დროზდენკო ამბობს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი КИНЕФ-ის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტთან ჩამოაგდეს. მისი ცნობით, არავინ დაშავებულა.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი კი წერს, რომ გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ რეგიონში, სულ მცირე, 6 დრონი ჩამოაგდო. აქედან 2 სოფელი სერებრიანკას მიდამოებში, 2 ბოგოსლოვკაში, 1 ქალაქ გუბკინში, ერთიც სოფელი კრუგლოეს მიდამოებში. მისი თქმით, არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, გაზმომარაგებისა და ელექტრომიწოდების ხაზები. თუმცა, მისი ცნობით, ერთია ადამიანი, საწარმოო ობიექტის თანამშრომელი დაშავდა ქალაქ შებეკინოში.

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზი კი ირწმუნება, რომ მის რეგიონში 8 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო კურსკის ოლქის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი წერს, რომ გაანადგურეს მოწინააღმდეგის 6 უპილოტო საფრენი აპარატი.

დრონების თავდასხმის შესახებ ცნობა გაავრცელა ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმაც, იგორ არტამონოვმა. უცნობია იერიშის შედეგები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ გასული ღამის განმავლობაში 58 დრონის თავდასხმა მოიგერიეს.

გასულ დღეებში რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმები გახშირდა. ამას გარდა, 12 მარტს უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა ქვედანაყოფებმა საზღვარზე შეტაკებები წამოიწყეს. ბრძოლები კურსკისა და ბელგოროდის ოლქის საზღვარზე მიმდინარეობდა. პროუკრაინული ძალების მტკიცებით, მათ კურსკის მიმართულებით საზღვარი გაარღვიეს.

კომენტარები