აშშ

აშშ-ს სენატმა მთავრობის ნაწილობრივი დახურვა თავიდან აირიდა, დაფინანსების გეგმა დაამტკიცა

Senate TV

აშშ-ს სენატმა მთავრობის ნაწილობრივი დახურვა თავიდან აირიდა და ზოგიერთი სამთავრობო სამსახურისთვის საბიუჯეტო გეგმა ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე დაამტკიცა. პაკეტის ასამოქმედებლად მას ახლა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი.

ორპარტიული მხარდაჭერით, 75 ხმით 22-ის წინააღმდეგ, სენატმა 467.5 მილიარდი დოლარის ღირებულების საბიუჯეტო პაკეტს დაუჭირა მხარი, რომელიც ფისკალური წლის ბოლომდე სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტირების, დაბინავების, ენერგიისა და ვეტერანთა პროგრამების დაფინანსებას ითვალისწინებს.

აღნიშნული პაკეტი რამდენიმე დღის წინ წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა.

მათთვის, ვინც წუხს, რომ გაყოფილი მთავრობის დროს არაფერი არ კეთდება, ეს ორპარტიული პაკეტი სხვა რამეს ამბობს“.- თქვა სენატის დემოკრატთა ლიდერმა, ჩაკ შამერმა.

კონგრესს ჯერ ისევ დასამტკიცებელი აქვს საბიუჯეტო კანონპროექტების უფრო მსხვილი პაკეტი, რომელიც სამხედრო ძალის, ეროვნული უსაფრთხოების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროების დაფინანსებასაც მოიცავს. ამ პროგრამების დაფინანსებას ვადა 22 მარტს ეწურება.

ორივე პაკეტი მთლიანობაში 1.66 ტრილიონი დოლარის ხარჯს ითვალისწინებს. რესპუბლიკელთა ნაწილი ცდილობს, რომ 34.5 ტრილიონი დოლარის ღირებულების სახელმწიფო ვალის გამო დაფინანსება მეტად შეამციროს.

ყველა ეს ზომა 2023 წლის 1 ოქტომბერს უნდა მიღებულიყო, როდესაც 2024 წლის ფისკალური წელი დაიწყო, მაგრამ უკრაინის დაფინანსებასა და საზღვრის კონტროლზე დავების გამო პროცესი გართულდა და კონგრესს 4 დროებითი საბიუჯეტო მთავრობის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად გეგმის მიღება დასჭირდა.

კომენტარები